Archive for ივლისი 27, 2013

სულის გაყინვამდე რთულია ,,იყოს” და ,,არის” შეთავსება, ფიქრების აღქმა და მისი გააზრება. ისე სხვანაირი და უცხო გახდა ყველაფერი რომ მზესაც შეეცვალა ფერები.. თითქოს ბუნებამ შეიცნო ჩემი ხასიათი და რამდენიმე დღეა ღრუბლების მანტიაში გახვია მზე.
იმედგაცრუებ(ებ)ის მთელი ბუკეტი მაჩუქა ამ ზაფხულმა, ყველაფერი რასაც ველოდი და რისიც მჯეროდა ისე ჩამოინგრა როგორც ზღვის ნაპირას აშენებულ სილის კოშკს შლის მოვარდნილი ტალღა… თითქოს გადაუღებელი წვიმების შემდეგ ფერადი ცისარტყელა გამოვიდა ცაზე, მაგრამ მას მხოლოდ მე ვხედავ და თუ მხოლოდ მე უნდა ვხედავდე ე.ი უნდა გაქრეს ისე რომ ვერავინ შეაჩნიოს…
ზღვა მომენატრა თავისი სიმწვანენარევი სილურჯით, ზღვის სუნი მომენატრა, დილით ადრე ვიღვიძებ ყოველთვის და წარმოუდგენელი სიამოვნების გრძნობა მიჩნდება როცა ამოდენა ზღვა და ცა მხოლოდ ჩემია, რომ მხოლოდ მე ვუყურებ იმ ტალღებს, მხოლოდ მე ვგრძნობ მის სუნს და მხოლოდ ჩემთვის ამოდის სადღაც შორს მზე… ახლა რასაც ვგრძნობ ზუსტად იმ გრძნობას მახსენებს რასაც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მზის პირველი სხივის გამოჩენა მგვრის, როცა საათობით სიბნელეში ვზივარ ქვიშაში აკანკალებული და საგულდაგულოდ შეგროვებულ კენჭებს და ნიჟარებს ვისვრი წყალში…
ზღვაზე წვიმაც მიყვარს, ამ დროსაც მხოლოდ ჩემია ზღვა და ბედნიერი სახით, სიამაყით ვდგავარ ხოლმე ზღვის ნაპირას, ისე რომ მხოლოდ ტერფები დამისველოს მლაშე ტალღამ, ზემოდან წვიმის თბილი წვეთები მეცემა და მემღერება.. მინდება ყველაფერი გარეთ გამოვუშვა რაც ჩემშია..
რამდენჯერ მიცეკვია წყალში მზის ჩასვლისას ოქროსფერი სხივების გვირგვინით. ამ დროს ისე ახლოს მივდიოდი მზესთან ერთი ხელის გაწვდენა იყო საჭირო მის დასაჭერად… ვერასდროს გავბედე ბოლომდე მისვლა, ყოველთვის მესმოდა რომ მზე მხოლოდ ჩემი ვერასდროს იქნებოდა, ვიცოდი რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ჩემსავით უყვართ და ეჩემებათ მზე, ჩემსავით ჭირდებათ ის ბედნიერებისთვის… ისიც ვიცოდი რომ როცა მე მზის ჩასვლისას მარწუხივით მიჭერდა რაღაც ყელში და თვალებს მიცრემლებდა, ვიღაც ბედნიერი სახით უყურებდა ჩემი მზის პირველ სხივებს.. იქნებ ვუყვარდი კიდეც მზეს, მაგრამ ის უნდა წასულიყო სხვებთან, მათთვისაც უნდა მიენიჭებინა ჩემი წილი ბედნიერება
როცა ჩემი სახლისგან შორს აღმოვჩნდი და არავინ იყო ჩემს გვერდით, დილით ადრე გაღვიძებულს ისევ მხვდებოდა ჩემი მზე, სხივს ჩამკიდებდა გაყინულ ხელზე და ყველა კარამდე მაცილებდა.. დილით მისი სხივის მოალერსება მაღვიძებდა..
მე მიყვარდა მზე.. მჯეროდა რომ ფერს არასდროს შეიცვლიდა
მე დღეს ყველაფერს ვხედავ – ცას, მიწას, ხეებს, ადამიანებს
მე ვეღარ ვხედავ მზეს!..