სულის გაყინვამდე რთულია ,,იყოს” და ,,არის” შეთავსება, ფიქრების აღქმა და მისი გააზრება. ისე სხვანაირი და უცხო გახდა ყველაფერი რომ მზესაც შეეცვალა ფერები.. თითქოს ბუნებამ შეიცნო ჩემი ხასიათი და რამდენიმე დღეა ღრუბლების მანტიაში გახვია მზე.
იმედგაცრუებ(ებ)ის მთელი ბუკეტი მაჩუქა ამ ზაფხულმა, ყველაფერი რასაც ველოდი და რისიც მჯეროდა ისე ჩამოინგრა როგორც ზღვის ნაპირას აშენებულ სილის კოშკს შლის მოვარდნილი ტალღა… თითქოს გადაუღებელი წვიმების შემდეგ ფერადი ცისარტყელა გამოვიდა ცაზე, მაგრამ მას მხოლოდ მე ვხედავ და თუ მხოლოდ მე უნდა ვხედავდე ე.ი უნდა გაქრეს ისე რომ ვერავინ შეაჩნიოს…
ზღვა მომენატრა თავისი სიმწვანენარევი სილურჯით, ზღვის სუნი მომენატრა, დილით ადრე ვიღვიძებ ყოველთვის და წარმოუდგენელი სიამოვნების გრძნობა მიჩნდება როცა ამოდენა ზღვა და ცა მხოლოდ ჩემია, რომ მხოლოდ მე ვუყურებ იმ ტალღებს, მხოლოდ მე ვგრძნობ მის სუნს და მხოლოდ ჩემთვის ამოდის სადღაც შორს მზე… ახლა რასაც ვგრძნობ ზუსტად იმ გრძნობას მახსენებს რასაც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მზის პირველი სხივის გამოჩენა მგვრის, როცა საათობით სიბნელეში ვზივარ ქვიშაში აკანკალებული და საგულდაგულოდ შეგროვებულ კენჭებს და ნიჟარებს ვისვრი წყალში…
ზღვაზე წვიმაც მიყვარს, ამ დროსაც მხოლოდ ჩემია ზღვა და ბედნიერი სახით, სიამაყით ვდგავარ ხოლმე ზღვის ნაპირას, ისე რომ მხოლოდ ტერფები დამისველოს მლაშე ტალღამ, ზემოდან წვიმის თბილი წვეთები მეცემა და მემღერება.. მინდება ყველაფერი გარეთ გამოვუშვა რაც ჩემშია..
რამდენჯერ მიცეკვია წყალში მზის ჩასვლისას ოქროსფერი სხივების გვირგვინით. ამ დროს ისე ახლოს მივდიოდი მზესთან ერთი ხელის გაწვდენა იყო საჭირო მის დასაჭერად… ვერასდროს გავბედე ბოლომდე მისვლა, ყოველთვის მესმოდა რომ მზე მხოლოდ ჩემი ვერასდროს იქნებოდა, ვიცოდი რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ჩემსავით უყვართ და ეჩემებათ მზე, ჩემსავით ჭირდებათ ის ბედნიერებისთვის… ისიც ვიცოდი რომ როცა მე მზის ჩასვლისას მარწუხივით მიჭერდა რაღაც ყელში და თვალებს მიცრემლებდა, ვიღაც ბედნიერი სახით უყურებდა ჩემი მზის პირველ სხივებს.. იქნებ ვუყვარდი კიდეც მზეს, მაგრამ ის უნდა წასულიყო სხვებთან, მათთვისაც უნდა მიენიჭებინა ჩემი წილი ბედნიერება
როცა ჩემი სახლისგან შორს აღმოვჩნდი და არავინ იყო ჩემს გვერდით, დილით ადრე გაღვიძებულს ისევ მხვდებოდა ჩემი მზე, სხივს ჩამკიდებდა გაყინულ ხელზე და ყველა კარამდე მაცილებდა.. დილით მისი სხივის მოალერსება მაღვიძებდა..
მე მიყვარდა მზე.. მჯეროდა რომ ფერს არასდროს შეიცვლიდა
მე დღეს ყველაფერს ვხედავ – ცას, მიწას, ხეებს, ადამიანებს
მე ვეღარ ვხედავ მზეს!..
მზის ფერი
Posted: ივლისი 27, 2013 in Uncategorizedტეგები:ზღვის ტალრები, მე ვერ ვხედავ მზეს, რომანტიკა, წვიმა ზღვაზე
სასარგებლო ცინიზმი
Posted: ივლისი 24, 2013 in Uncategorizedტეგები:გარდა შენს, გაფერმკრთალება, მეორე მე. მე მეშინია, უცნაური ცხოვრება
უცნაურია ცხოვრება… და ამაში ყოველი ახალი დღე უფროდაუფრო მარწმუნებს… ყველაფერი ამერია… პირველად ხდება რომ ყველაფერზე ვფიქრობ შენს გარდა… ყველაფერი გერევა როცა აღმოაჩენ რომ რაც ადრე შენთვის მნიშვნელოვანი და ყველაფერზე მაღლა მდგომი იყო უცებ ისე უფერულდება , რომ გგონია ეს შენს ცხოვრებაში და შენს თავს არც მომხდარა… რაც ადრე მთელს შენს თავისუფალსა და არათავისუფალ დროს იკავებდა და მუდმივ ფიქრად და დარდად გქონდა გადაქცეული უცებ ისე ფერმკრთალდება რომ ვეღარც ამჩნევ… ამ დროს დაბნეული ხდები და იგრუზები აი ისე უაზროდ, უმიზეზოდ.. ბრაზობ შენს თავზე და ვეღარ გაგიგია რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და რა იყო ნამდვილი… აქამდე თუ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდი ახლა ცინიზმის ხარისხი იზრდება არამარტო საკუთარი მეს მიმართ და აუტანელი სურვილი გიჩნდება დასცინო და სხვებიც გააცინო. უცებ ყველაფერი სასაცილო და უმნიშვნელო გეჩვენება..ან კი სხვაგავარად როგორ უნდა იყოს როცა ვერაფერი ვეღარ გაგიგია… თუ აქამდე თავი დიდი გეგონა, ჭკვიანი და ფიქრობდი რომ ცხოვრება ასეთუისე მაინც გესმოდა და შენს სურვილებშიც გარკვეული იყავი ახლა ხვდები რომ არაფერი არ გესმის, არაფერი არ იცი, შენი სიჭკვიანეც შენივე შეთხზული მითი იყო და ცხოვრებამ ნამდვილად გასწავლა ცხოვრება ( ან იქნებ ჯერ კიდევ ნაბიჯებს დგამ და ისევ არაფერი გესმის). როცა ფიქრობდი რომ არაფერი აღარ იქნებოდა შენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სწორედ მაშინ დაიწყო შენში რაღაც და ეს რაღაც ისე გაშინებს მზად ხარ გაექცე ყველაფერს , ყველას … რაც შეიძლება შორს გაიქცე და დაიჯერო ის რისი დაჯერებაც გინდა , უარი თქვა შენს რეალობაზე, ფიქრებზე, სურვილებზე… იმედგაცრუება ხომ შენი მუდმივი თანამგზავრი იყო და რატომ უნდა გახდეს ცხოვრება მაინცდამაინც ახლა შენდამი კეთილი? ამის ვერცერთ მიზეზს როცა ვერ ხედავ უბრალოდ თავი უნდა დაიცვა ყველა საშუალებით – იქნება ეს ცინიზმი, ცრემლები, შენთვის ასე საძულველი ტყუილი , შორს , ყველაფრისგან შორს გაქცევა თუ რაიმე ახლის გამოგონება, რაც თავიდან აგარიდებს ამ ყველაფერს
იცი რა არაადამიანური გრძნობაა როცა მოულოდნელად , მხოლოდ რამდენიმე წუთი აღმოჩნდება საჭირო იმისთვის რომ მიხვდე შენი წარსული ფიქრები და სურვილები არაფერს აღარ ნიშნავს და იგრუზები უაზროდ შენს თავზე..გინდა სხვა დაადანაშაულო მაგრამ შენ არ ხარ ის ვინც მიზეზს სხვაში ეძებს – შენ ყოველთვის ყველაფერს შენს თავზე იღებ და ყოველთვის გირჩევნია შენს თავს მოსთხოვო პასუხი ვიდრე სხვების მიზეზები ეძიო…
ის რაც აქამდე ღამეებს გათენებინებდა ფიქრში, ცრემლებში.. ის რაც გაიძულებდა სიცოცხლის სურვილი დაგკარგვოდა და შენს ცხოვრებას და თავს შორს გაქცეოდი, უცებ თვითონვე ხდება უფერული… ნაცრისფერიც აღარ შემორჩა და ახლა პირველად ცხოვრებაში შენ გეშინია შენი თავის.. გეშინია იმის რაც შენში ხდება და მზად ხარ შენი თავიდან შორს გაიქცე…
მე მესმის შენი ჩემო მეორე მე.. მე მუდამ მესმოდა შენი მაგრამ ვცდილობდი არ მომესმინა.. მე ახლა მეშინია შენი და რომ შემეძლოს ჩემგან რაც შეიძლება შორს , ძალიან, ძალიან შორს მიგიჩენდი ბინას და უფლებას არ მოგცემდი ჩემზე გებატონა…
მე პირველად ვგრძნობ რომ ძლიერი ვარ და თან მშიშარა.. მე მეშინია და ეს შიშიც მაშინებს…
იყო და არა იყო რა …
Posted: ივლისი 15, 2013 in Uncategorizedტეგები:იმედი, მუდამ ჩემთან, რაც მინდა მქონდეს, ცხოვრება ზღაპარს გავს
ცხოვრება? ზღაპარს გავს.. (?) ზღაპარივით იწყება ,,იყო და არა იყო რა..“, არის ,,ზღაპრული“ პერიოდებიც..ლამაზი, სასიამოვნო და მარადიული მომენტებით… მაგრამ ცხოვრება ცხოვრებაა და კარგს ყოველთვის მოსდევს ცუდი… თითქოს ერთი დიდი, დაუსრულებელი გზაა რომელსაც ბოლო არ უჩანს..არის ისეთი ადგილები სადაც შეგიძლია იარო თუნდაც თვალებ დახუჭულმა და ბედს მიენდო, არ იფიქრო იმაზე რა გელის წინ და არ გეშინოდეს, მაგრამ ასეთ გზას როგორც წესი ისეთი გამოფხიზლება მოჰყვება რომ მერე დიდხანს გიწევს დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად წვალება რომ სწორ გზას დაუბრუნდე .
ცხოვრებამ და გამოცდილებამ მასწავლა რომ ვისაც არ სჭირდები არც შენ უნდა იდარდო მის გამო და არ ეცადო მისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო გახდე. ჯობია იმ ადამიანების დაფასება ვისწავლოთ ვისაც ვჭირდებით და ვუყვარვართ ისეთი როგორიც ვართ , რომლებიც მზად არიან შენთვის ყველაფერი გააკეთონ , რომელთათვის შენი ღიმილი დიდი ბედნიერებაა. სწორედ ასეთ ადამიანებს ჭირდებათ დაფასება და გაფრთხილება, სხვა დანარჩენი ისედაც მრავლად იქნებიან შენს ცხოვრებაში.
მთავარი უბედურება ის არის, რომ თავად არის ადამიანი ყველაფერში დამნაშავე, თავად არის საკუთარი თავის მტერი, იმიტომ რომ, მთელი სიცოცხლე გაორებულია, გაორებული კი არ არის, ყველაფერი ორი აქვს მომადლებული ბუნებისგან, არა მარტო ფეხი, ხელი, თვალი თუ ყური – ფიქრიც
დრო იცვლება, ვიღაცები მიდიან, ვიღაცები მოდიან, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ისინი, ვინც არასოდეს წავლენ და მუდამ ჩემთან იქნებიან
P.S იყო დრო როცა ამაზე არ ვწუხდი,მაგრამ დრო გადის და ყოველ დღე კიდევ და კიდევ უფრო მენატრება ყველაფერი რაც მინდა ჩემი იყოს და არ არის..
ცხოვრების თამაში
Posted: ივნისი 30, 2013 in Uncategorizedტეგები:გამოცდილება, დაუვიწყარი მოგონებები, კარგი ადამიანები, მადლობა ყველას, ცუდი ადამიანები, ცხოვრების თამაში
მე ვარ ის ვინც ვარ, ვინც ვიყავი, ვინც ვიქნები, ის ვინც არ უნდათ რომ ვიყო
ვისაც ხედავენ და ვერ გრძნობენ, ვისაც უსმენედ ვერ უგებენ, ამიტომაც კარგავენ… ის ვინც უყვართ, ვინც სძულთ, ვისგანაც ვერ გაურკვევიათ რა უნდათ, ვისაც ეძებენ და ვერ პოულობენ, ვისკენაც მიდიან მაგრამ ვერასდროს აღწევენ მისამდე… მომეცით სულ ცოტა წრფელი ემოცია… ამიქნიეთ თვალებწინ ხელი, თორემ აღარც კი ვიცი საით ვიყურები… დამანახეთ ადამიანები, ფიტულები უკვე ვნახე… მომწერეთ თბილი წერილები და მერე სახეში შემომარტყით სიმარტოვე… ამიხსენით სიყვარული და მერე ყველა სიტყვა უკან წაიღეთ, რომ აღარასოდეს დავიჯერო… ეცადეთ, მიყიდოთ ლამაზ სიტყვებად, SALE-ია… გამიღიმეთ და მერე გამჭორეთ… შემიშურეთ და დამისაკუთრეთ… შემომაყარეთ თვალებში სინამდვილე… ნუ მესვრით ტალახს, შესაძლოა ამაცილოთ, მაგრამ თქვენ კი ტალახიანი დაგრჩებათ ხელი… სიყვარულით მეხუმრეთ და ხუმრობით არ შემიყვაროთ… ვდგევარ მიწაზე, როგორც სცენაზე, ადამიანის ურთულეს როლში… მე არ მაქვს არაფერი, მაგრამ მაქვს ცხოვრება სადაც ყველაფერია, თუმცა კი ცხოვრება ტრაგედიაა მათთვის ვინც გრძნობს და კომედია ვინც აზროვნებს, ამიტომ მეორეს ვირჩევ… გახსოვდეთ: სხვათა ბედნიერებას რომ ვეძებთ საკუთარს ვპოულობთ… ყოველ ადამიანში მზეა, ოღონდ აცადეთ რომ ანათოს… კარგია უყურო ლამაზ ადამიანს, მაგრამ ცხოვრება ჭკვიანთან სჯობს… ეძებეთ მოყვრები, მტრები თვითონაც მოგნახავენ… შემომფიცეთ მეგობრობა და მერე გამყიდეთ, ძვირი არ ვღირვარ – სულ რაღაც 1 ადამიანი რადგან მიყრია გულში გაძარცვული ერთფეროვნება მეც ისეთივე ვარ როგორიც ყველა, თურმე ტყუილად ვიბრალებდი ”სხვანაირობას”… და მაინც… დავხეტიალობ საკუთარ სულში და მეგაზაფხულება. საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს და ვგრძნობ რომ მალე შამათი მელის…
P.S
არავის არაფერი დააბრალო შენს ცხოვრებაში… კარგმა ადამიანებმა განახეს ბედნიერება, ცუდმა ადამიანებმა მოგცეს გამოცდილება , საშინელმა ადამიანებმა გაჩვენეს გაკვეთილი , საუკეთესო ადამიანებმა გაჩუქეს დაუვიწყარი მოგონებები…
P.S. S. მადლობა ყველას…
სიყვარულის თამაში
Posted: ივნისი 21, 2013 in Uncategorizedტეგები:განშორება, დაკარგული ოცნებები, მანძილი, მარტოობა, შენი თვალები
-მენატრებოდითქო, რომ გითხრა დაიჯერებ?
-რატომაც არა..
-შეცვლილი ხარ!
-მართლა? როგორ?
– წლების წინ მხოლოდ თვალები იყავი, ახლა კი ყველაფერი ხარ თვალების გარდა…
– ახლა თვალებს მუქი სათვალის უკან ვმალავ
-წლების წინ მხოლოდ სიყვარული შეგეძლო, ახლა კი ყველაფერი შეგიძლია სიყვარულის გარდა…
-სიყვარული? სასაცილოა!
-წლების წინ მხოლოდ ოცნებები გქონდა, ახლა კი ბევრი რამ გაქვს, მაგრამ ოცნებები აღარ…
– მაშინ ღრუბლებში დავფრინავდი ახლა კი მიწაზე ვდგევარ.. მიწაზე კი გეგმების ქონა უფრო ამართლებს, ვიდრე ოცნებების.
-ნუთუ არაფერი შემოგრჩა იმ ადამიანისგან მე, რომ ვიცნობდი
-არ ვიცი, შენ რომელს მიცნობდი
-ქალაქის ქუჩებში სეირნობა და წვიმა, რომ უყვარდა იმას
-აღარ მიყვარს
-ნაყინი ზამთარში?
-აღარც ზაფხულში
-ზღვა?
-მზე თავს მატკიებს, ზღვა კი უმზეოდ მოსაწყენია
-შექსპირი?
-ახლა ბეგბედერი მირჩევნია
-ის ხომ ცინიკოსია
-რეალისტიც
-ინვალიდი მეზობელი, რომ გყავდა ისევ დადიხარ მასთან ნარდის სათამაშოდ?
-აღარ მცალია
-როცა ხელფასი მექნება 10%-ს მათხოვრებს დავურიგებო, მახსოვს ასე ამბობდი სტუდენტობის დროს..
-მართლა ვამბობდი მაგას?!
-წლების წინ მართლა სხვა, რომ იყავი ხვდები?
-ვხვდები
-წლებითქო ვამბობ, მაგრამ ნუთუ 10 წელი ბევრია? ასე სწრაფად როგორ მოასწარი საკუთარ თავში საკუთარი თავის ჩაკვლა?
– სიკვდილს წლები კი არა წამი სჭირდება
-როდის დადგა შენთან ეგ წამი?
-მაშინ!
-ყველაზე ცუდი ალბათ ისაა, რომ შენ შენი დღევანდელი სახე უფრო მოგწონს, შენი ჩაკეტილი სული და გაყინული გული გეამაყება.. გგონია, რომ სუსტი აღარ ხარ და გიხარია, მე კი ახლა ყველაზე სუსტი მგონიხარ ვიდრე ოდესმე..
-სად არის ის ვინც, სადღაც მიყრუებული სოფლის ქოხშიც კი იცხოვრებდა სიყვარულთან ერთად… რატომ იწყება დღეს შენი ბედნიერება ძვირადღირებული „ჟეშტით“ და რატომ გახდა ქაღალდის კუპიურები შენი ცხოვრების ხერხემალი?
-ფულით იმ ბედნიერებას ვყიდულობ, რომელიც შენმა სიყვარულმა ვერ მომიტანა
-მთელი ეს წლები იმდენს ვოცნებობდი, შენს ნახვაზე… ახლა კი, გიყურებ და ვხედავ, რომ აქ არ ხარ, აქ კი არა არსად არ ხარ, შენ საკუთარი თავი მოკალი და ახლა ახალგაზრდა გვამი ხარ…
– და შენ ეს გულს გტკენს?
-რათქმაუნდა
-მეც მეტკინა მაშინ…
კიდევ 5 წლის შემდეგ…
-როგორ ხარ?
-კარგად
-შეცვლილი ხარ, დაღლილი სახე გაქვს
-ხო, ბევრს ვმუშაობ
-მედიდურიც
-ჩემს შრომას შედეგი მოაქვს
-ხო, ხშირად მესმის შენი სახელი, ამასწინათ გაზეთშიც ვნახე შენი ფოტო… გულის სიღრმეში მეამაყები
-გმადლობ
-შენს თვალებში რაღაც ახალი გაჩნდა
-ალბათ, ჩემი შვილი
-სიყვარულის უნარიც დაგიბრუნდა?
-უბრალო კი არა ზებუნებრივი სიყვარულის
-ოცნებაც დაიწყე?
-კი, მის ნათელ და ბედნიერ მომავალზე ვოცნებობ
-გამიკვირდა აქ შენი ნახვა, სეირნობა ხომ აღარ გიყვარდა
-ჩემს პატარასთან ერთად მოვდივარ ხოლმე აქ, აი ხედავ იმ ანგელოზს წითელი ბურთით ხელში? ჩემი შვილია
-მეუღლე?
-მზრუნველია, მოსიყვარულე, ჩემზე უზომოდ შეყვარებული, მოკლედ ისეთი როგორიც შენ ვერასოდეს იქნებოდი
-გიყვარს?
-სიყვარული თამაშია, სადაც ერთს უყვარს მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს..
-მე და შენ, ხომ გვიყვარდა ერთმანეთი?
-გვიყვარდა, ოღონდ სხვადასხვა დროს
ისევ 5 წლის შემდეგ:
-გავიგე შენი ამბავი და არ შემეძლო არ მოვსულიყავი
-უნდა დამცინო? თუ გიხარია სულ ტყუილად ზეიმობ, მე თავს უბედურად არ ვგრძნობ
-არა, რას ამბობ მე ხომ…
-კარგი მაპატიე, ნერვებს ავყევი
-რატომ დაშორდით?
-დაიღალა ჩემი სიყვარულით და ჩემი უსიყვარულობით
-საბოლოოდ დაშორდით?
-კი
-მართლა კარგად ხარ?
-მე კი, მაგრამ ბავშვზე ვნერვიულობ მხოლოდ. მას ხომ დედაც სჭირდება და მამაც
-მე შემიძლია რაიმეთი დაგეხმარო?
-მაგრად ჩამეხუტე
-…
-…
-…
-ახლა კი წადი, ბევრი საქმე მაქვს, დაგირეკავ, როცა მოვიცლი
კიდევ 30 წლის შემდეგ:
-რატომ მოხვედი?
-არ შემეძლო არ მოვსულიყავი
-ეგ შენი მედიდური სახე ახლა მაინც დაგეტოვებინა კარგია
-გძულვარ?
-არც შენ გიყვარვარ!
-აბა აქ რატომ ვარ ახლა?
-დასამშვიდობებლად მოხვედი ალბათ
-მე და შენ ვერასოდეს დავემშვიდობებით ერთმანეთს, იმიტომ, რომ ყოველთვის ერთი მთლიანობა ვიყავით… გაგირბოდი, მაგრამ მაინც შენთან ვიყავი მუდამ
-რატომ არ დამირეკე მაშინ?
-ხომ გითხარი გაგირბოდითქო
-რატომ გარბოდი?
-გსჯიდი, ხან შენ გსჯიდი და ხანაც საკუთარ თავს
-რისთვის?
-რომ მიყვარდი იმისთვის… სიყვარული სისუსტეა, ეს სამყარო კი სისუსტეებს არ პატიობს ადამიანს
-მე შენი სისუსტე მიყვარდა, გჯერა?
-ჩემი სისუსტის ფონზე შენ ძლიერი ჩანდი, სინამდვილეში კი ყოველთვის სუსტი იყავი და მე მძულდა ჩემი თავი შენისთანა სუსტის სიყვარულისთვის.
-მე დამღუპა ჩემმა სისუსტემ, მაგრამ არც შენ აუშენებიხარ შენს სიძლიერეს.
-ცდები!
-არ ვცდები, შენ შენი ცხოვრება ფულის, სახელისა და ძალაუფლების მოპოვებას შეალიე, მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ მოგცა ის რისი მოცემაც მე შემეძლო. მთელი ცხოვრება სხვაგან ეძებდი იმას რაც ჩემთან გელოდა
-ცდები მეთქი
-აბა რატომ მოხვედი ახლა? რატომ გაღრმავდა შენს სახეზე ნაოჭები? რატომ აივსო შენი თვალები ტკივილით? ცრემლებს არ მაჩვენებ, მაგრამ ვიცი მთელი შენი არსება ტირის ახლა… ტირის რადგან მე შენ ისევ გტოვებ, გტოვებ ზუსტად ისე, როგოც წლების წინ… მე მიხარია, რომ ვკვდები, მიხარია, რომ პირველი მივდივარ და გტოვებ… ეს ჩემი შურისძიებაა, სამაგიეროს გიხდი, სიჯიუტისთვის, შენს ლოდინში გატარებული წლებისთვის, შენს გარეშე გასული ყოველი წამისთვის გსჯი… მიხარია, რომ ვკვდები, რადგან შენ ახლა იმაზე მეტად გტკივა გული ვიდრე მე მტკიოდა მთელი ამ წლების მანძილზე
-სიყვარული თამაშია, სადაც ერთს უყვარს მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს.. ჩვენ კი ეს თამაში არ ვითამაშეთ… ჩვენს სიყვარულში ხან ერთს უყვარდა, ხან მეორეს… ჩვენს სიყვარულში ხან ერთი არ აძლევდა სიყვარულის უფლებას, ხან მეორე…
-თუ სიყვარული თამაშია, სადაც ერთს უყვარს მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს, მაშინ ჩვენი სიყვარული სიყვარულზე მეტი იყო, რადგან ჩვენ ერთმანეთის ცალმხრივი სიყვარულისგან დაცვა გვინდოდა…
მზის ცრემლები
Posted: ივნისი 6, 2013 in ფრაზები, LeW♥rd, Uncategorizedტეგები:მზის სხივები, მზის ცრემლები, სევდა და იმედი, უიმედოდ დარჩენილი ადამიანები
ვეებერთელა მზე ამოცურდა სევდისფერი სამყაროს ცაზე.. თავისი სხივები უშურველად მიმოაბნია ქალაქებს, ქუჩებს..ყველა სახლში შეანათა და შეაბიჯა ნათელი მზის მხიარულმა სხივებმა.. კმაყოფილმა გადახედა თავისი ნათელით გასხივოსნებულ სამყაროს მზემ და შეწუხდა როცა შეამჩნია სახლი რომელიც სინათლის გარეშე დარჩა… ნელ-ნელა ძირს დაიხარა, ფანჯარას ყვითელი ცხვირი ნელა შეახო, დახლართული სხივები ფრთხილად მოიშორა პატარა თვალებიდან. ფანჯრის მიღმა სიბნელეში ადამიანის სილუეტი ჩანდა , რომელიც საწოლზე იყო დამხობილი და ხმას არ იღებდა, თითქოს არც სუნთქვდა. თავთან იმედი და სევდა ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ. ისე ბნელოდა ერთმანეთის თვალებსაც ვერ ხედავდნენ, მხოლოდ ჩუმი სუნთქვა ახსენებდათ რომ მარტო არ იყვნენ… სევდა ნაცრისფერი იყო, აქა-იქ შავი ლაქები გასჩენოდა, თვალები ტირილისგან დასიებოდა და ვერაფერს ვეღარ ხედავდა, ვეღარც საკუთარ ლაქებს… იმედის ფერადი ტანისამოსი შავით შეცვლილიყო. ის მხოლოდ სევდას ხედავდა, მისი გაყინული ხელი ეჭირა ხელში და ცრემლიანი თვალებით უყურებდა
– არ მინდოდა ისევ მენახე, არ მინდოდა ისევ ერთად მოვსულიყავით. ჩვენი შეხვედრისას ყველა ტირის და სიცოცხლის სურვილს კარგავს..მინდა მალე მორჩეს ჩვენი ერთად არსებობა და ადამიანებს ტკივილს აღარ ვაყენებდეთ. რა საშინელია ჩემი არსებობა : ჯერ სიცოცხლის სურვილს ვუჩენ ყველას, მერე კი ჩემივე შექმნილს ვკლავ. ვინც მე მკარგავს შენ გპოულობს და თავს ვეღარ გვაღწევს. თითქოს ვეღარც მამჩნევენ..მინდა მალე მორჩეს ეს ყველაფერი, მინდა აღარ გათენდეს დღე როცა მზეს სხივი არ ეყოფა ყველასთვის – დაასრულა იმედმა მონოლოგი და სევდას ჩაეხუტა და ორივე ატირდნენ… ერთმანეთის ცრემლები ასველებდათ და ვერაფერს ვეღარ ხედავდნენ, ვერც ერთმანეთს, ვერც საწოლზე მწოლიარე ადამიანს…
მზემ ყველა სხივი აკრიფა და ცრემლები შეიწმინდა. შეებრალა უიმედოდ დარჩენილი ადამიანი..
– რაში მეხმარება ჩემი სინათლე და ძალაუფლება თუ ასეთი ტკივილით ცხოვრობენ ადამიანები? როგორ უნდა გავათბო სამყარო და ვიყო ბედნიერი თუ ასეთი სევდა და უიმედობაა ირგვლივ? მინდა ჩემი გამოჩენა ყველას იმედს უბრუნებდეს, შესაძლებლობებს..მინდა ადამიანები იღიმებოდნენ.. მინდა ყველას ეყოს ჩემი სინათლე… არსებობის მანძილზე პირველად ტიროდა მზე
ჩუმად შეაღო კარი და ყველა სხივი ერთად შეანათა ოთახს, ფრთხილად აიყვანა უიმედო, სევდით მოცული ადამიანი, ყველა სხივი მოახვია, ჩაიხუტა და მასთან ერთად დაბრუნდა ცაში…
მივუშვათ გრძნობები..
ვაცადოთ თარეში,
მინდა რომ სიგიჟემ აზრები არიოს,
გავცვალოთ თბილი მზე, გაყინულ მთვარეში
არ მივცეთ გულს ნება, გონება ჩარიოს.
მინდა სიყვარულმა აზრები არიოს,
თავიანთ ნებაზე მივუშვათ ფიქრები,
მინდა რომ ყველაფერს დაერქვას მე და შენ,
მე და შენ მთლიანი სამყარი ვიქნებით.
მივუშვათ გრძნობები თავიან ნებაზე,
სიგიჟით ჩვენც გიჟურ ცეცხლებად ავენთოთ,
მოდი ვისაუბროთ თვალების ენაზე,
შენს სულთან თამაშით მინდა რომ გავერთო.
მინდა რომ მე და შენ გავუსწროთ ერთად დროს,
მე, შენი სული მსურს, რომ გადავიბირო
მე შენში სიგიჟედ შემოვალ წამოდი
და თავსხმა წვიმაში ბავშვურად ვირბინოთ..
მივუშვათ გრძნობები თავიანთ ნებაზე..
უსიტყვოდ ვაჩუქოთ ერთმანეთს ფიქრები,
მინდა რომ ყველაფერს დაერქვას მე და შენ
და ასე მეც და შენც, ერთი მე ვიქნებით.
მივიშვათ გრძნობები თავიანთ ნებაზე,
აენთონ სიგიჟედ, დასახლდნენ თვალებში,
ამ ერთი სიგიჯისთვის დავთმობდი სიცოცლეს,
გავცვლიდი ცხოვრებას ამ უკვდავ წამებში…
პარანორმალურად… ♥
Posted: მაისი 13, 2013 in Uncategorizedტეგები:ბედნიერება, გიყვართ?, მენატრება, მიყვარს საუბარი, პარანორმალური სიყვარული, როცა ჩემთანაა
გამარჯობა, გიყვართ?
გაგიმარჯოთ, კი.
. როგორ?
– პარანორმალურად.
. რა გაწყენინათ?
– დიდხანს მალოდინა, სანამ შემხვდებოდა.
. როგორია?
– უნიკალური.
. გასაგებია.. უყვარხართ?
– არ იცის.
. ცოტას გადავუხვევ.. თქვენი აზრით, ლამაზია?
– კი.
რას გააკეთებს მისთვის?
– ყველაფერს.
რა გიყვართ მასში?
– ის.
. როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი, მის გარეშე?
– აუტანელი! საზიზღარი!
როგორი წარმოგიდგენიათ ის, თქვენ გარეშე?
-ჩვეულებრივი, ყოელდღიური.
. ახლა თქვენ წინ დგას.. თქვენ?
– მაჟრიალებს.
. ის?
– მიღიმის
. გიყვართ, როცა..
– მეჩხუბება.
. უყვარს, როცა..
– ჰკითხეთ
.მასთან საუბრისას გრძნობთ..
– შიშს.
. თქვენთან საუბრისას გრძნობს..
– ალბათ არაფერს. ჩვეულებრივია, ყოველდღიური.
. გიხარიათ, როცა..
– მასთან ვარ
. გწყინთ, როცა..
– ჩემთან არ არის
. მასთან ერთად..
– ვიცხოვრებდი ქალაქში, სადაც არავინ გვიცნობს.
. ყველაფერი..
– არის ჩემი!
. არაფერი..
– მინდა მისგან! მხოლოდ ვუყვარდე!
. გამუდმებით..
– ვფიქრობ მასზე.
. არადსროს..
– მომბეზრდება.
. სულ იქნებით..
– მისი სიზმრების მსახიობი.
. სულ იქნება..
– სულ იქნება!
. ცოცხლობთ..
– რომ მიყვარდეს.
. იღიმით..
– მისთვის.
. ნერვიულობთ..
– როცა ჩემთან არ არის.
. სულ სხვა იქნებოდა, რომ..
– სულ ჩემთან იყოს.
. იცით, რომ ახალისებს..
– ჩემი ლაპარაკი.
. იცით, რომ ბრაზდება..
– როცა არ ვუჯერებ.
. აღმერთებს..
– ღმერთს!
. გასწავლათ..
– სიყვარული
. მხოლოდ მასთან..
– ვიქნები ბოლომდე ღია.
. გეშინიათ..
– მომავლის.
. იმედი გაქვთ..
– არ მაქვს იმედი.
. უცნაურია..
– რომ შევუყვარდი.
. დაუჯერებელია..
– რომ ერთად არ ვართ.
. რეალურია..
– რომ შეიძლება ოდესმე აღარ მეკუთვნოდეს.
. მოკვდებით..
– მასზე ადრე.
. გიკვირთ..
– როგორ ვცხოვრობ მის გარეშე.
. ბედნიერი ხართ..
– როცა ჩემთან არის.
. ამაყობთ..
– რომ ბევრს წავართვი.
. თქვენთვის ვერ გაიმეტებთ..
– უიმისობას.
. მისთვის ვერ გაიმეტებთ..
– ვერაფერს ცუდს.
. მასში აფასებთ..
– მას!
. ფიქრობს, რომ..
– ხან დიდივით ვმსჯელობ.
. გეძახით..
– არ მახსოვს.
. ეძახით..
– ძილში.
. ჰგონია, რომ..
– ვეჭვიანობ.
. ეჭვიანობთ?
– კი.
. შეუძლია..
– გადამატანინოს ალბათ ყველაფერი.
. გენატრებათ..
– მისი სიახლოვე.
. დაბოლოს:
– მხოლოდ ღმერთს შეუძლია წარმოიდგინოს.
რა შეიძლება დამემართოს მის გარეშე…
ვის ჰყვარებია , ვის საერთოდ არ ჰყვარებია, ვის როგორი შეჰყვარებია და საერთოდაც რას ნიშნავს გრძნობა, რომელიც მოითხოვს კონკრეტული ადამიანის ყოფნას სიცოცხლის ბოლომდე…
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს სიყვარულის შესახებ…
ურთიერთობებში არსებობს სამი ეტაპი: სურვილი, გატაცება და დამოკიდებულება.
სურვილი ეს არის ფიზიკური მოთხოვნილება. გატაცება ეს ფიქსაციაა ობიექტზე.
დამოკიდებულება კი მტკიცე კავშირი, რომელიც უკვე მომავალში განსახორციელებელ პროგრამებს მოიცავს..
თუ ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ხვდებიან ექსტრემალურ სიტუაციაში,
მაშინ ბევრად უფრო დიდი შანსია რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდეთ,
ვიდრე ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ადამიანების უმრავლესობას ქორწინებამდე 7-ჯერ უყვარდება.
ადამიანები, რომლებსაც არასოდეს ჰყვარებიათ, იტანჯებიან დაავადებით-
გიპაპოტუიტარიზმი, ის არ რთავს ნებას იგრძნონ ემოცია რასაც სიყვარული ქვია.
გაწყვეტილ ურთიერთობას, სასიყვარულო იმედგაცრუებას ზოგიერთი
ადამიანი მიჰყავს შეგნებამდე, უფრო მეტად უყვარდეს, ის ვინც იგი მიატოვა.
როდესაც ადამიანი შეყვარებულია, მისი ნერვული უჯრედები, რომლებიც
რეაგირებენ საზოგადოების აზრზე, ითიშებიან. ამიტომაც შეყვარებული
ყურადღებას არ აქცევს მშობლებისა და მეგობრების აზრს თავისი ობიექტის მიმართ.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს ხშირად უყვარდებათ ისეთები,
რომლებიც მათ მშობლებს გვანან. მათთან დარჩენილი აქვთ ბავშვობის გადაუჭრელი
პრობლემები და მათი გადაჭრა მოზრდილ ასაკში სურთ.
მისწრაფება გვიყვარდეს, როგორც ჭამა და სექსი, პრიმიტიულ ბიოლოგიურ
მოთხოვნილებას წარმოადგენს.
რაც უფრო დიდხანს გასტანს არშიყობის პერიოდი, მით უფრო დიდი პერსპექტივებია
გრძელი ქორწინებისა.
ადამიანები რომლებსაც, ურთიერთბის
დასაწყისშივე ვნებიანი რომანები აქვთ, ხშირად ეყრებიან.
სიყვარული გრძელდება იმ დრომდე, სანამ ტვინს შეუძლია შეინახოს რომანტიული
ნეტარების მდგომარეობა.
ქალები ყველაზე მძაფრად სიყვარულს განიცდიან პირისპირ შეყვარებულთან დგომისას.
კაცები კი პირიქით, ემოციურ სიახლოვეს გრძნობენ პარტნიორთან ერთად თამაშის,
ლაპარაკის, მუშაობის ან გვერდზე ჯდომისას.
მსოფლიოში წყვილების უმეტესობა ქორწინების მეოთხე წელს ეყრება.
მეოთხე წლის მერე ურთიერთობა სტაბილიზაციას ინარჩუნებს მერვე წლამდე.
გატეხილი გული ნარკოტიკისადმი მიდრეკილებას ჰგავს. ამიტომაც ყველა ნივთი უნდა გაქრეს, რომელიც ყოფილ პარტნიორს მოგაგონებთ.
მამაკაცებს შეყვარების დროს უვითარდებათ მხედველობითი ნაწილი,
ამიტომ მათ უყვართ თვალებით, ხოლო ქალებს მეხსიერების ნაწილი, ამიტომ
მათ ახსოვთ თითოეული დეტალი რომანიდან.
შეყვარებულობის დროს ადამიანის ტვინის გარვეული ნაწილი ძილის
მდგომარეობაშია, თითქოს სიზმარში და ამიტომაც უწოდებენ სიყვარულს ბრმას, თუმცა ეს “დაბრმავება” ცხოვრებაში ყველამ უნდა გამოსცადოს თუ იგრძნოს, რადგან დუმბაძის თქმისა არ იყოს საცოდავია ის კაცი, რომელიც ამ გრძნობის გარეშე წავა ამქვეყნიდან. ამიტომაც უნდა გიყვარდეთ, მთელი გრძნობით უნდა გიყვარდეთ…
ვიდეო
—
Posted: მაისი 11, 2013 in Uncategorized
ტეგები:გატაცება, დამოკიდებულება, საინტერსო ფაქტები სიყვარულზე, სიყვარული, სურვილი, ურთიერთობის სამი ეტაპი
ქალები ყველაფრისთვის და არაფრისთვის…
Posted: აპრილი 26, 2013 in Uncategorizedტეგები:ქალები არაფრისთვის, ქალები ლარნაკები, ქალები მყუდრო ოტახები, ქალები ტოლჩები, ქალები უდაბნოები, ქალები ყველაფრისთვის, ქალები ხელსახოცები
არიან ქალები- უდაბნოები,
ისინი უნდა გადალახო და დატბორო.
არიან ქალები- ჭაობები,
ისინი უნდა ამოაშრო.
არიან ქალები- ლარნაკები,
ისინი წინ უნდა დაიდგა და ათვალიერო,
ხოლო შიგ ჩააწყო შენგან დაკრეფილი ყვავილები,
რომლებიც მალე გაგიხმება და გადაყრი მერე!
არიან ქალები- ტოლჩები,
რომლებიდანაც ვნების წყალი უნდა დალიო,
არიან ქალები- ყრუ კედლები,
მათ უნდა გვერდი აუქციო.
არიან ქალები- ხელსახოცები,
ისინი თუკი ერთხელ მაინც გამოიყენ ეს,
მერე არავის არაფერში არ სჭირდება.
არიან ქალები -გუშინდელი გაზეთები,
მათ არავინ აღარ კითხულობს.
არიან ქალები-ფორმულები,
მათ დაავიწყდათ მამაკაცების ტუჩების ელდა.
არიან ქალები – მყუდრო ოთახები,
შეგიძლია შიგ შეხვიდე და მოისვენო,
არიან ქალები- ნიაღვრები,
რომლებიც აქეთ წალეკვას გვიქადიან,
არიან ქალები,
მათ “სიყვარულზე” ლაპარაკით ვუჭედავთ ყურებს.
არიან ქალები,
რომელთაც სწორედ ამ სიტყვით უნდათ, რომ დაგვამარცხონ.
არიან ქალები,
მუდამ ჩვენთან არიან ქალები,
არიან ქალები- რომელთაც გვშობეს,
არიან ქალები- დაგვიტირებენ რომელნიც ბოლოს ,
არიან ქალები- ჩვენი შვილები,
ჩვენ მიერვე ჩვენივ ჟინისგან გამოჩორკნილნი,
არიან ქალები…
და არიან კიდევ ქალები-პოეტები,
დაღლილნი და ღამეებს მარტოობას შეფარებულნი,
ქალები- ტკივილები
“თვალების რაფაზე ჩამოწყობილი ცრემლებით”,
ქალები, რომელთაც შეუძლიათ
მამაკაცების ბინძური გულები- ავგიას თვალები გააღონ ხანდახან,
გაანიავონ და გამოწმინდონ,
ქალები, რომელთაც ბაგეებზე პომადის ნაცვლად სცხიათ ლექსები,
ქალები, რომელთა სხეულზეც სუნამოს სურნელი
სურნელია ბალახების, მზის და გვირილის,
ქალები, რომლებიც ყველაზე მეტად და
ყველაზე ნაკლებად არიან ქალები,
ქალები, რომლებიც ვერ გახდებიან ვერც ჩვენი დედები,
ვერც ჩვენი დები, ვერც ჩვენი ცოლები,
რამეთუ ისინი ეკუთვნიან ყველას და არვის,
რამეთუ მათ სუსტ მხრებს აჰკიდეს ჩვენი ცოდვები და ტკივილები.
რადგან მათ უთხრეს:
თქვენ უნდა იყოთ უდაბნოები- ქალები და კიდევ ქალები-ჭაობები და ლარნაკები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები- ტოლჩები, ქალები-კედლები,
ხელსახოცები, გუშინდელი გაზეთები და ნიაღვრები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები-მყუდრო ოთახები
და ის ქალები, სუყველანი,
რომლებიც “უბრალო ” ქალები არიან და
ზურგზე მოგდებულ თავიანთ პატარ-პატარა
ტკივილისა და სიხარულის გუდით დადიან,
დადიან და ვერც გუმანობენ,
რომ თქვენც არსებობთ,
ტუჩებზელექსებწაყრილი ქალები
ძალიან დიდხანს ნამალავი
და უნებურად მაინც აშკარად გაცხადებული პირღია ჭრილობებით,
ქალები- პოეტები ლურჯი ზმნებებით და
“ყელზე გამობმული ღუზით, რომელიც ზღვაში გახრჩობთ”,
ქალები…….
რომელთაც ასე ძალიან მინდა გითხრათ:
დიდი მადლობა და ბოდიში ყველაფრისთვის…
P.S მე – ყველაფრისთვის და არაფრისთვის 🙂 …
ვისაც გიყვართ ან არ გიყვართ ცხოველები გირჩევთ ეს საყვარელი არსება ერთი დღით მოიყვანეთ სახლში და მიხვდებით როგორი კარგები არიან 🙂 ბევრ ადამიანზე უკეთესი და საყვარლები ♥
ვიდეო
—
Posted: აპრილი 23, 2013 in Uncategorized
ტეგები:ბიბი, ზღვის გოჭი
აღარაფერი აღარ იქნება
Posted: აპრილი 21, 2013 in Uncategorizedტეგები:აღარაფერი აღარ იქნება, თვალებში მონატრება წრიალებს, მარტო ვარ, ნუ მოხვალ, რაც მქონდა არასდროს არ მსურდა, ჩემი გზა, ჩემს სამყოფელთან
აღარასოდეს აღარ შემხვდები,
ჩემი გზა ახლა აღარ არსებობს,
შენ არ მოხვიდე ჩემს სამყოფელთან,
გულზე ყვავილი არ დამასვენო…
ვიცი, მარტო ვარ…
ვიცი, მარტო ვარ
აქაც და იქაც მარტო ვიქნები…
ოო, იმ მიწაზე არ დადნებიან,
არ გაქრებიან თოვლის ფიფქები.
როდემდე უნდა ვიყო მ ა რ თ ა ლ ი
და საკუთარი ფერფლით ვთბებოდე?
დავივიწყებდი, ალბათ, ყველაფერს,
ვინმე გზაზე რომ მეგულებოდეს.
ო, როგორ მტკივა სულიც, სხეულიც
და მენატრება ძველი სიმშვიდე…
ვხეტიალობდე ნაწვიმარ ველზე
და თმას ნოემბრის ქარი მიშლიდეს…
ან მივყვებოდე ნაცნობ ქვაფენილს,
ან სადმე ვინმე მელოდებოდეს,
თუ მეტირება, – არ ვიცინოდე,
სიმწრით კი არა, ლხენით ვმღეროდე…
აღარაფერი აღარ იქნება!…
ის, რაც მინდოდა, აღარ არსებობს!…
შენ არ მოხვიდე…
შ ე ნ არ მოხვიდე, –
გულზე ყვავილი არ დამასვენო…
P.S
თვალებში მონატრება წრიალებს,
ცხოვრება უშენოდ გასრულდა!
რაც მსურდა, – არასდროს არ მქონდა,
რაც მქონდა, – არასდროს არ მსურდა!
ქაღალდის ნავი
Posted: აპრილი 18, 2013 in Uncategorizedტეგები:ვარსკვლავები, მარადიული სიმშვიდე, მარადიული ჯდომა ნავში, ქაღალდის ნავი, ცხოვრება, წვიმის წვეთი
ახლა მივხვდი,
რა ყოფილა ცხოვრება;
მარადიულად ჯდომა ნავში,
ქაღალდის ნავში,
რომელიც სულ ფსკერისკენ მიდის
და არასოდეს გაჩვენებს უცხო,
კეთილ ნაპირებს.
ამ დროს, უბრალოდ,
შეიძლება, რომ სახით – მიწისკენ
იწვე მინდორში,
ხოლო ზურგსუკან გრძნობდე ვარსკვლავებს,
შეიძლება, ლექსებსაც წერდე
სიხარულზე, კარგად ყოფნაზე,
შორდებოდე შემდეგ ფურცლებს და
შენი ოთახის
ბნელ კუთხეში იდგე ფანჯრებთან,
დარდიანი,
მხრებში მოხრილი,
ამ დროს, ყოველთვის
შეიძლება, რომ
წვიმის ერთმა წვეთმა დაგახრჩოს.
სიკვდილი მაშინ მოდის, როცა სიყვარული მთავრდება
Posted: აპრილი 15, 2013 in Uncategorizedტეგები:ნამდვილი სიყვარული, სიყვარული, სიყვარული გადაარჩენს სამყაროს, სიყვარული მთავრდება, სიყვარული როცა მთავრდება სიკვდილი მოდის
საკუთარ “თავში” აზრობრივად ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ და გამოვთქვამთ ათასნაირ პრეტენზიას, დამოკიდებულებას, წყენას, განვსჯით ამა თუ იმ ადამიანს, ზოგჯერ საკუთარ თავსაც, განვიკითხავთ, ვუწყრებით ვინმეს ან რამეს და ვალაგებთ გეგმებს.

ყველა ვინც არღვევს კანონს(სიყვარულის მდგომარეობა), კარგავს წონასწორობასა და სიმშვიდეს – ბერდება, ავადდება, ღარიბდება და კვდება.
პასუხი: ყველაფერი რისი მიღწევაც უნდა ადამიანს.
პასუხი: როდესაც ადამიანი განიცდის სიყვარულს, ყველაფერი ლაგდება მის სასიკეთოდ. არასოდეს ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ სიყვარულმა მოიმატოს და ურთიერთობები არ გამოსწორდეს. ასე რომ სწორედ სიყვარულის რაოდენობა(და არა სხვა რაიმე) განსაზღვრავს ფინანსებს, ჯანმრთელობას და სწორ ურთიერთობებს – ანუ სიცოცხლის ხარისხს!
გილოცავთ სიყვარულის დღეს და ბევრ სიყვარულს გისურვებთ 🙂 სიყვარულით გეცხოვროთ ♥
ამ ქვეყანაზე, მე რომ მიყვარხარ,
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე..
ეს სიყვარული ისე დიდია..
ისე ძლიერი და ისე მტკიცე.
ამ ქვეყანაზე, მე რომ გიყურებ,
ასეთ თვალებით ვერავინ გიმზერს
მე რომ მიყვარხარ,ამ წუთას ახლა,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც, გულებია..
ასეთ სიყვარულს ვერავინ იძენს…
როგორც შენ ამ გულს ახლა უყვარხარ,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც ლექსებია,
ყველა ნაპარავს, მალულად გიდებს..
მხოლოდ ეს ჩემი სულია შენთვის,
რომელიც მხოლოდ საკუთარს გიწერს..
ამ ქვეყანაზე, რაც ლოცვებია,
იცოდე მუდამ მე გულში მიდევს…
მე რომ დაგლოცავ ამ ქვეყანაზე
არვინ დაგლოცავს,არასდროს ისე…
ამ ქვეყანაზე ყველა მშიშარა…
ცარიელ სიტყვებს ისვრიან ისე..
შენი გულისთვის ასჯერ მოვკვდები
არ დავიკვნესებ იცოდე ისე,,,
შენი გულისთვის ზეცაში ავალ,,
და ჩემს სულს ახლაც უფალსა მივცემ..
გწამდეს ამ ქვეყნად, მე რომ მიყვარხარ
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე.
ბმული
—
Posted: აპრილი 15, 2013 in ლექსები, ფრაზები, LeW♥rd, Love, Uncategorized
ტეგები:ეს სიყვარული ისე დიდია, მე რომ მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ, სიყვარულით გეცხოვროთ, სიყვარულის დღე
იუდას სახარება – The gospel of Judas
Posted: აპრილი 11, 2013 in Uncategorizedტეგები:იესო, იუდას სახარება, სახარება, the gospel of judas
იესოს მიერ იუდა ისკარიოტელისათვის ვნების კვირამდე სამი დღით ადრე გამხელილი საიდუმლო.
იესოს საქვეყნო საქმეები
ქვეყნად მოვლენილი იესო სჩადიოდა სასწაულებსა და საოცარ საქმეებს, რათა გადაერჩინა კაცობრიობა. რადგანაც ზოგი [გაჰყვა] ჭეშმარიტ გზას, ზოგი კი ძველებურად სცოდავდა, მოწოდებულ იქნა თორმეტი მოწაფე.
ის ესაუბრებოდა მათ ამ ქვეყნის საიდუმლოებებსა და იმაზე, თუ რა იქნებოდა ბოლოს. ხშირად ის ეცხადებოდა მოწაფეებს არა თავისი სახით, არამედ გაერეოდა მათში შეუმჩნევლად.
სცენა 1. იესოს საუბარი მოწაფეებთან: ღვთის სადიდებელი თუ ევქარისტია.
ერთხელ ის მოვიდა იუდეაში თავის მოწაფეებთან, და ნახა რომ ისინი შეგროვილიყვნენ ერთად და ღმერთს ადიდებდნენ. როცა ის [მიუახლოვდა] თავის მოწაფეებს, (34) რომლებიც მადლს აღუვლენდნენ ღმერთს – პურის მომცემელს – [მას] გაეცინა.
მოწაფეებმა ჰკითხეს [მას]: “მასწავლებელო, რად დასცინი [ჩვენს] სამადლობელ ლოცვას? ჩვენ ხომ ისე ვიქცევით, როგორც საჭიროა”.
მან უპასუხა: “მე თქვენ არ დაგცინით. ასე იმიტომ კი არ იქცევით, რომ ასეთია თქვენი ნება, არამედ იმიტომ, რომ ასე [იქნება] განდიდებული თქვენი ღმერთი”.
მათ უთხრეს: ” მასწავლებელო, შენ ხომ […] ჩვენი ღმერთის შვილი ხარ”.
იესომ უთხრა მათ: “რა იცით ვინა ვარ? [მე] ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ – არცერთმა კაცთაგანმა თქვენს შორის არ იცის ეს”.
მოწაფეთა განრისხება
როცა მოწაფეებს ესმათ ეს, აღშფოთდნენ და განრისხდნენ და გულში გმობა დაუწყეს მას.
იესომ კი, შენიშნა რა მათი [უგუნურება, უთხრა] მათ: “რატომ გადაიზარდა თქვენი აღტყინება განრისხებაში? თქვენმა ღმერთმა, რომელიც თქვენშია და […] (35) ჩასახა რისხვა [შიგ] თქვენს სულებში. [მოვიდეს] ნებისმიერი თქვენგანი, რომელიც [საკმარისად ძლიერია] კაცთა შორის, გამოიჩინოს ადამიანის სრულყოფილება და დადგეს ჩემს პირისპირ”.
მათ უთხრეს ერთხმად: “ჩვენ ვართ ძლიერები”.
მაგრამ ვერ შესძლო მათმა სულებმა წარმსდგარიყვნენ [მის] პირისპირ, გარდა იუდა ისკარიოტელისა. იუდა წარუდგა მას, მაგრამ ვერ გაუსწორა თვალი მანაც, და მიაბრუნა სახე გვერდზე.
იუდამ [უთხრა] მას: “მე ვიცი ვინ ხარ შენ და საიდან მოხვედი. შენ ბარბელოს უკვდავი სამეფოდანა ხარ. და მე არა ვარ ღირსი წარმოვსთქვა მისი სახელი, ვინც შენ გამოგგზავნა”.
იესოს საუბარი იუდასთან განმარტოებით
იესო ხედავდა, რომ იუდას თავი სხვებზე აღმატებულად მიაჩნდა, და უთხრა: “მოსცილდი დანარჩენთ და მე შენ მოგიყვები სამეფოს საიდუმლოებებს. შენ შეიძლება მოხვდე იქ, მაგრამ ეს შენ დიდ მწუხარებას მოგიტანს. (36) რადგან ვიღაცა დაიკავებს შენს ადგილს, რათა თორმეტნი [მოწაფენი] კვლავ სრულად იყონ თავიანთ ღმერთთან”.
იუდამ უთხრა: “როდის მეტყვი ამას, და [როდის] იქნება მოდგმის გაბრწყინების დიდი დღე?”
მაგრამ როცა მან ეს სთქვა, იესომ დასტოვა იგი.
სცენა 2: იესო მოწაფეებთან ბრუნდება
ამ ამბის შემდეგ დილას იესო კვლავ მოწაფეებთან [დაბრუნდა].
მათ ჰკითხეს: ” მასწავლებელო, სად იყავი და რას აკეთებდი, რაც ჩვენგან წასული იყავი?”
იესომ უპასუხა: “მე ვიყავი სხვა დიდ და წმინდა მოდგმასთან”.
მოწაფეებმა ჰკითხეს: “უფალო, რა მოდგმაა ეს, ჩვენზე დიდი რომ არის და ჩვენზე წმინდა, ამ ქვეყნისა არ არის?”
იესომ ეს რომ მოისმინა, გაიცინა და სთქვა: “რა გესაქმებათ თქვენ ამ მძლავრ და წმინდა მოდგმასთან? (37) ჭეშმარიტად გეუბნებით [მე] თქვენ, რომ ვერავინ ამ დროში დაბადებული ვერ იხილავს მას [მოდგმას], ვერავინ ვარსკვლავთა ანგელოზების ჯარიდან ვერ იმბრძანებლებს მათზე, ვერცერთი მოკვდავი ვერ მიეახლება მას, რადგან ეს მოდგმა არ მოდის […] რომლებიც მოდიან […]. მოდგმა მათი, ვინც [თქვენს] შორისაა, კაცთა მოდგმაა […] ძალა, რომელიც […] სხვა ძალები{ს} […] რომელთაც თქვენ განაგებთ” .
ამის გაგონებაზე [მისი] მოწაფეები აღშფოთდნენ. მათ სიტყვა ვერ დაძრეს.
შემდეგ დღეს იესო ისევ მივიდა [მათთან]. მათ უთხრეს [მას]: ” მასწავლებელო, ჩვენ გნახეთ შენ [ხილვაში], ჩვენ საოცარი რამ [გვესიზმრა…] ღამე […]”.
[მან სთქვა]: “[თქვენ] რატომ [… როცა] ეწევით თვითგვემას?”
(38)
მოწაფეების ხილვა სასახლისა და ამის განსჯა
მათ [სთქვეს: “ჩვენ ვიხილეთ] დიდებული [სასახლე დიდი] სამსხვერპლოთი [, და] თორმეტი კაცი – ჩვენი აზრით ღვთისმსახურები – და სახელი; და სამსხვერპლოსთან ხალხის ბრბო იცდიდა, [სანამ] ღვთისმსახურები [… და ჩაატარეს] ღვთისმსახურება. ჩვენ [კი] ბოლომდე დავრჩით.
[იესომ ჰკითხა:] “როგორ გამოიყურებოდნენ ღვთისმსახურები?”
მათ [უპასუხეს: “ზოგი…] ორი კვირა; [ზოგი] მსხვერპლად სწირავდა [თავის] შვილებს, სხვები – ცოლებს, ლოცავდნენ [ან] გმობდნენ ერთმანეთს; ზოგი მამათმავლობდა; სხვები ვინმეს [ჰკლავდნენ], სჩადიოდნენ მრავალ ცოდვასა და დანაშაულს. და სამსხვერპლოს [წინ] მდგარნი ახსენებდნენ შენს [სახელს], (39) და მათი მანკიერების ყოველი საქციელით მსხვერპლშეწირვა სულ უფრო სრული ხდებოდა […]”.
სთქვეს ეს და გაჩუმდნენ, შეწუხებულნი.
იესო უხსნის სასახლის ხილვას
იესომ უთხრა მათ: “რად დამწუხრებულხართ? ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, ის ღვთისმსახურები, რომლებიც იმ სამსხვერპლოსთან იდგნენ, ჩემს სახელს ახსენებდნენ. და კიდევ გეტყვით – ჩემი სახელი სწერია ამ […ზე] ვარსკვლავთა მოდგმისა ადამიანთა მოდგმის მიერ. [და მათ] დარგეს ჩემს სახელზე ხე უნაყოფო, მათდა სამარცხვინოდ”.
იესომ უთხრა მათ: “ის, ვინც მონაწილეობდა მსხვერპლშეწირვაში – თქვენ იყავით. ის იყო ღმერთი, რომელსაც თქვენ მსახურებთ, და თქვენა ხართ ის თორმეტი, ვინც თქვენ იხილეთ. პირუტყვი, რომელსაც მსხვერპლად სწირავდნენ – ეს ის ხალხია, ვინც თქვენ შეიყვანეთ შეცდომაში (40) იმ სამსხვერპლოს წინ. […] დადგება და ამგვარად გამოიყენებს ჩემს სახელს, და ღვთისმორჩილთა თაობანი უერთგულებენ მას. შემდეგ დადგება სხვა, [გარყვნილთაგანი,] შემდგომ [იქნება] ვინმე ბავშვთამკვლელთაგანი, შემდეგ მამათმავალი, და ასკეტი, და სხვა უწმინდურები, ავაზაკები და ცოდვილები, და ისინი იტყვიან: ჩვენ ანგელოზთა სწორნი ვართ. ისინი არიან მნათობნი, რომლებიც მიიღებენ ყველაფერს. რამეთუ კაცთა მოდგმისაგან თქმულა: – აი, ღმერთმა მიიღო თქვენი მსხვერპლი ღვთისმსახურის ხელიდან – შეცდომის მსახურისაგან. მაგრამ არის ღმერთი – სამყაროს უფალი – რომელიც ბრძანებს: ბოლო ჟამს ისინი შერცხვენილნი იქნებიან”.
(41)
იესომ უთხრა: “შეწყვიტეთ [მსხვერპლშეწირვა], სამსხვერპლოზე თქვენი შეწირული […] თქვენს ვარსკვლავებსა და ანგელოზებზე მაღლა დგანან, და უკვე მიღწეული აქვთ თავიანთი დასასრული. ვითომ [დაგიჭერიათ] ისინი, და ეხლა გაუშვით [- – – დაზიანებულია 15-მდე სტრიქონი – – -]
მოდგმა […]. ვერცერთი მეპურე ვერ დააპურებს ყველა სულდგმულს (42) [ცის]ქვეშეთში. და […] მათ […] და […] ჩვენ და […].
იესომ უთხრა: “შეწყვიტეთ ჩემთან ბრძოლა. ყველას თქვენ-თქვენი ვარსკვლავი გაქვთ და ყველა [თქვენგანი… – – – დაზიანებულია 15-მდე სტრიქონი – – -]
(43)
სადაც […] ვინც მოვიდა [… გაზაფხული] ხეებისათვის […] ამჟამად […] დროში […] მაგრამ ის მოვიდა რათა დაარწყულოს ედემის ბაღი, და [მოდგმა], რომელიც იქნება ბოლოს, რადგან [ის] არ წაბილწავს [გზას] ამ მოდგმისას, არამედ [..]იქნება უკუნითი უკუნისამდე”.
იუდა ეკითხება იესოს იმ მოდგმისა და კაცთა მოდგმის შესახებ
იუდამ ჰკითხა [მას: “რაბი], რა ნაყოფს მოგვცემს ის მოდგმა?”
იესომ უპასუხა: “სული ყოვლის კაცთა მოდგმისაგანისა მოკვდება. ხოლო ისინი, როცა განასრულებენ დროს ქვეყანაზე, და სული მათი გაეყრება ხორცს, მათი ხორცი მოკვდება, სულები კი იცოცხლებენ და ამაღლდებიან ზეცად”.
იუდამ ჰკითხა: “და სხვა კაცთა მოდგმისანი რაღას იზამენ?”
იესომ უპასუხა: “შუძლებელია (44) დათესო [ქვაზე] და მოიმკა მოსავალი. [ასევე…] [წაბილწული] მოდგმა […] და გახრწნილი სოფია […] ხელი, რომელმაც შექმნა მოკვდავნი, რათა მათი სულები ამაღლდნენ სამუდამო სამეფოში. [ჭეშმარიტად] გეტყვით თქვენ, […] ანგელოზი […] ძალა, რომელიც იხილავს […] მათ, ვინც […] წმინდა მოდგმის […]”.
სთქვა ეს იესომ და წავიდა.
სცენა 3: იუდას ხილვა და იესოს ახსნა
იუდამ უთხარა: “მასწავლებელო, როგორც მოუსმინე სხვებს, მომისმინე მეც. მე მქონდა საოცარი ხილვა”.
იესომ მოუსმინა და გაიცინა: “შენ რაღას წვალობ, მეცამეტე სულო? მაგრამ მოყევი, აგიტან შენც!”
იუდამ უთხარა: “მე ვიხილე ჩემი თავი, და თორმეტი მოწაფე ქვებით მქოლავდნენ და (45) [სასტიკად] მდევნიდნენ. და მე დავბრუნდი იქ, სადაც […] მეგულებოდი. მე ვიხილე [სახლი…], იმხელა, რომ ჩემი თვალები ვერ გასწვდა, დიდი ხალხით გარშემორტყმული, მწვანე ტოტებით [იყო] გადახურული, და სახლში იყო [ბევრი ხალხი…- – – დაზიანებულია 2 სტრიქონი – – -], უთხრა: “მასწავლებელო, მიმიღე მეც იმ ხალხში”.
[იესომ] უპასუხა: “იუდა, შენი ვარსკვლავი გაცდუნებს შენ!” მან განაგრძო: “არცერთ მოკვდავს არ ძალუძს შესვლა იმ სახლში, რომელიც შენ იხილე, იმიტომ, რომ ის სახლი წმინდანებისათვისაა. იქ ვერ განაგებს ვერც მზე და ვერც მთვარე, ვერც დღე, წმინდანები კი მუდამ იქნებიან იქ, უკუნითი უკუნისამდე წმინდა ანგელოზებთან ერთად. აჰა, აგიხსენი მე შენ სამეუფეოს საიდუმლონი (46) და გაგრძნობინე ვარსკვლავთა ცდუნების შესახებ; და […] გაგზავნა […]თორმეტ ჟამზე”.
იუდა ეკითხება თავისი შიშის შესახებ
იუდამ ჰკითხა: “მასწავლებელო, რამდენად დასაშვებია, რომ ჩემს თესლს განაგებდნენ მეუფენი?”
იესომ უპასუხა: “მოდი, მე [- – – დაზიანებულია 2 სტრიქონი – – -], მაგრამ შენ ძალიან დამწუხრდები, როცა იხილავ სამეფოს და ყველა მის მოდგმას”.
როცა მოისმინა ეს, იუდამ უთხრა: “რით იქნება ჩემთვის კარგი ეს? შენ ხომ განმაცალკევე მე ამ მოდგმისაგან!”
იესომ უპასუხა: “შენ იქნები მეცამეტე, და წყეულ იქნები სხვა მოდგმათაგან, და იქნები მათი მბრძანებელი. ბოლო დღეებში ისინი დასწყევლიან შენს აღზევებას (47) წმინდა [მოდგმამდე]”.
იესო უხსნის იუდას კოსმოლოგიას: სული და თვითქმნილი
იესომ უთხრა: “[მოდი], მე მოგიყვები შენ იმ [საიდუმლოებების] შესახებ, რომელიც არ იცის [არცერთმა] კაცმა.
ისმინე: არის ჟამი დიდი და უსასრულო, რომლის სიდიდე ანგელოზთა არცერთ მოდგმას არ უხილავს, [რომელშიც] არის დიდი უხილავი [სული],
რომელიც არ უხილავთ ანგელოზთა თვალებს,
რომელსაც არ მისწვდომია გულის წადილი,
და რომელსაც არ ჰქვია სახელი.
“და გაჩნდა იქ შუქმფენი ღრუბელი. მან სთქვა: “მოვიდეს ანგელოზი და წარმომიდგეს მე!”
დიდი ანგელოზი – სხივოსანი, ღვთიური, თვითქმნილი – გამოვიდა ღრუბლიდან. მას მოჰყვა ოთხი ანგელოზი სხვა ღრუბლიდან და თაყვანი სცეს თვითქმნილ ანგელოზს. თვითქმნილმა სთქვა: (48) “იქმნას […], და იქმნა […]. და [შექმნა] მან პირველი მნათობი მის მბრძანებლად. მან სთქვა: “იქმნან ანგელოზნი და ემსახურონ [მას]”, და იქმნენ უამრავნი ურიცხვნი. მან სთქვა: “[იქმნას] შუქმფენი ეონი”, და იქმნა იგი. შექმნა მან მეორე მნათობი მის მბრძანებლად ურიცხვ ანგელოზთან ერთად, და მის სამსახურად. ასე შექმნა მან დანარჩენი შუქმფენი ეონები. დაუწესა მათ მბრძანებლობა მათზე, და შეუქმნა მათ დამხმარედ უამრავი ანგელოზი.
ადამასი და მნათობები
” ადამასი იყო იმ პირველ შუქმფენ ღრუბელში, რომელიც არასოდეს უხილავთ იმ ანგელოზებს, რომელთაც ღმერთებს ეძახიან. ის (49) […] რომ […] სახედ […] და ხატად [ამ] ანელოზისა. მან შექმნა უხრწნელი [მოდგმა] სეთისა, რომელიც[…] თორმეტი […] ოცდაოთხი […]. მან შვა უხრწნელი მოდგმის სამოცდათორმეტი მნათობი, სულის ნებით. ამ 72 მნათობმა კი შვეს 360 მნათობი უხრწნელი მოდგმისა, სულის ნებით, რათა ყოფილიყო ხუთი თითოეულ მათგანზე.
“თორმეტი მნათობის თორმეტი ეონი შეადგენს მამას მათსას, და ექვსი ზეცაა ყოველ ეონში, ანუ სულ 72 ზეცა 72 მნათობისათვის, და ყოველ (50) [მათგანში ხუთი] სამყაროა, [სულ] 360 [სამყარო…]. მათ მიეცათ ძალაუფლება და [დიდი] ჯარი ანგელოზთა [ურიცხვთა], დიდებისა და თაყვანისცემისათვის, [ხოლო შემდეგში კი] უმანკო სულები ყველა ეონთა და ზეცათა და მათს სამყაროთა დიდებისა და თაყვანისცემისათვის.
ზესკნელი (კოსმოსი, ქვეყანა), ქაოსი და ქვესკნელი
“ამ უკვდავთა ერთობლიობა წოდებულია ქვეყანად, ანუ ჯოჯოხეთად, მამისა და 72 მნათობის მიერ, რომლებიც არიან თვითქმნილთან და მის 72 ეონთან. აქ იქმნა პირველი ადმიანი თავისი უხრწნელი თვისებებით, ხოლო ეონი, რომელიც იქმნა მის მოდგმასთან ერთად, ეონი, რომელშიც არის ღრუბელი შემეცნებისა და ანგელოზი, არის სახელად (51) ელ. […] ეონ […] მას შემდეგ […] სთქვა: ‘იქმნას 12 ანგელოზი [რათა] განაგოს ქაოსი და [ქვესკნელი]’. და აჰა, ღრუბლისგან იშვა [ანგელოზი], რომლის სახე ცეცხლით იყო განათებული დ სისხლით შებილწული. სახელი მისი იყო ნებროთი, რაც ნიშნავს ‘მოჯანყეს’. ზოგი მას იალდაბაოთს ეძახდა. მეორე ანგელოზი – საკლასი – გამოვიდა იმავე ღრუბლიდან. მაშინ ნებროთმა შექმნა ექვსი ანგელოზი დამხმარედ, ისევე როგორც საკლასმა, და გახდა 12 ანგელოზი ზეცაში, რომელიც დაინაწილეს მათ.
მეუფენი და ანგელოზები
“თორმეტმა მეუფემ უთხრა თორმეტ ანგელოზს: ‘ყოველი თქვენგანი (52) […] და მათ […] მოდგმა [- – – დაზიანებულია 1 ხაზი – – -] ანგელოზები’:
პირველი არის [ს]ეთი, რომელიც არის სახელად ქრისტე.
[მეორე] არის არმათოთი, რომელიც არის […].
[მესამე] არის გალილა.
[მეოთხე] არის იობელი.
[მეხუთე] არის ადონაიოსი.
ეს ხუთი მეუფებს ქვეყანაზე, უპირველეს ყოვლისა ქაოსზე.
ადამიანის შექმნა
“შემდეგ საკლასმა უთხრა თავის ანგელოზებს: ‘შევქმნათ ადამიანი სახედ და ხატად ჩვენად’. შექმნეს მათ ადამი და ცოლი მისი ევა, რომელსაც ღრუბელში ერქვა ზოე. რამეთუ ყველა მოდგმა ამ სახელით ეძებს კაცს, და ყოველი მათგანი ამ სახელს არქმევს ქალს. ამჯერად საკლასს არ (53) უბრძა[ნებია …] გარდა […] მოდგ[მას…] ეს […]. და უთხრა მეუფემ ადამს: ‘შენ იცოცხლებ დიდხანს, შენს შვილებთან ერთად.’ “
იუდას კითხვები ადამისა და ადამიანთა ბედის შესახებ
იუდამ ჰკითხა იესოს: “რას ნიშნავს დიდხანს სიცოცხლე?”
იესომ უპასუხა: “რატომ გიკვირს რომ ადამმა, მის მოდგმასთან ერთად, იცხოვრა თავისი წილი ცხოვრება იქ, სადაც მიიღო თავისი სამეფო, და იმდენი, რამდენიც მისმა მეუფემ?”
იუდამ ჰკითხა იესოს: “ადამიანის სული კვდება?”
იესომ უპასუხა: “იმიტომ უბრძანა ღმერთმა მიქაელს ადამიანთა სულები ეთხოვებინა მათთვის, რათა მათ შესძლებოდათ ღმერთის მსახურება, ხოლო გაბრიელს უბრძანა ეჩუქებინა სულები დიდი მოდგმისათვის, რომელსაც არა ჰყავს მბრძანებელი მათზე – ანუ spirit და soul. ამდენად, [დანარჩენი] სულები (54) [- – – დაზიანებულია ერთი ხაზი – – -].
იესოს მსჯელობა იუდასა და სხვების უზნეობაზე
“[…] სხივი [- – – 2 ხაზი თითქმის არ იკითხება – – -] გარშემო […] დაე […] სული [რომელიც] შენშია, იყოს [ამ] ხორცში ანგელოზთა მოდგმას შორის. მაგრამ ღმერთმა ინება [მისცემოდა] ცოდნა ადამსა და მას, ვინც მასთან იყო, რათა ქაოსისა და ქვესკნელის მეუფეებს ვერ ემბრძანებლათ მასზე.
იუდამ ჰკითხა იესოს: “და რა უნდა ჰქნან ამ მოდგმათ?”
იესომ უპასუხა: “ჭეშმარიტად გეტყვი შენ, რომ მათ ნაცვლად ვარსკვლავები განასრულებენ. და როცა საკლასი განასრულებს დროს, მისთვის განკუთვნილს, მათ პირველ ვარსკვლავს იხილავს მოდგმა, და ისინი განასრულებენ იმას, რაც თქმული იყო მათთვის. მაშინ ისინი იმრუშებენ ჩემი სახელით და და დახოცავენ საკუთარ შვილებს (55) და ისინი […] და [- – – დაახლოებით ექვსნახევარი სტრიქონი დაზიანებულია – – -] ჩემი სახელი, და იქნება […] შენი ვარსკვლავი [მეცა]მეტე ეონზე”.
სთქვა ეს იესომ და [გაიცინა].
[იუდამ ჰკითხა:] “მასწავლებელო, [რატომ დაგვცინი]?”
[იესომ] უპასუხა: “მე [თქვენზე კი არ] ვიცინი, არამედ იმაზე, თუ როგორ ცდებიან ვარსკვლავები, რამეთუ ეს ექვსი ვარსკვლავი ცდებიან თავიანთ ხუთ მეომართან ერთად, და ყველანი განადგურდებიან ყველა მათს ქმნილებებთან ერთად”.
იესო მოუთხრობს ნათელცხებულებზე და იუდას ღალატზე
იუდამ უთხრა იესოს: “მაშინ რას იზამენ შენი სახელით ნათელცხებულები?”
იესომ უპასუხა: “ჭეშმარიტად გეტყვი [შენ], ეს ნათლობა (56) […] ჩემი სახელით [- – – გამოტოვებულია 9 სტრიქონამდე – – -] მე. ჭეშმარიტად გეუბნები [მე] შენ, იუდა, [ის, ვინც] მსხვერპლს სწირავს საკლასს […] ღმერთი [- – – გამოტოვებულია 3 სტრიქონი – – -] ყოველივე, რაც ბოროტებაა.
“მაგრამ შენ აღემატები მათ ყველას, რადგან მსხვერპლად მიიტან კაცს, რომელშიც ვარ მე”.
უკვე დაჰკრა შენმა ნაღარამ,
აღივსო შენი რისხვა,
ჩაესვენა შენი ვარსკვლავი,
და შენი გული […] (57)
“ჭეშმარიტად […] შენი ბოლო […] იქნება [- – – გამოტოვებულია 2,5 სტრიქონამდე – – -], გლოვა [- – – გამოტოვებულია 2 სტრიქონამდე – – -] მეუფე, რადგან ის განადგურებულ იქნება. და აღზევდება მაშინ ხატი ადამის დიდი მოდგმისა, რამდენადაც ზეცის, მიწისა და ანგელოზთა წინაა დაყენებული ეს მოდგმა ეონთა მიერ. აჰა, მე ყველაფერი გითხარი. ასწიე თვალები და იხილე ღრუბელი და სინათლე მასში და ვარსკვლავები მის ირგვლივ. მათი გზამკვლევი ვარსკვლავი – შენი ვარსკვლავია”.
იუდამ აიხედა და დაინახა შუქმფენი ღრუბელი, და შევიდა მასში. მიწაზე მდგომებმა გაიგონეს ღრუბლიდან ხმა, რომელიც ამბობდა: (58) […] დიდი მოდგმა […] ხატი [- – – გამოტოვებულია 5 სტრიქონამდე – – -].
დასასრული: იუდას ღალატი
[…] მათი მღვდელმთავრები აღშფოთდნენ, როცა {ის} შევიდა სასტუმრო ოთახში სალოცავად. მაგრამ რამდენიმე მწიგნობარი ფხიზლად აევნებდა თვალს, რათა ლოცვისას შეეპყროთ იგი, რადგან ეშინოდათ ხალხისა, რომლისთვისაც ის წინასწარმეტყველი იყო.
ისინი მივიდნენ იუდასთან და ჰკითხეს: “შენ რას აკეთებ აქ, იესოს მოწფევ?”
იუდამ უპასუხა, როგორც მათ უნდოდათ. მიიღო ფული და გადასცა ის მათ.
ზოგადად არ მიყვარს კომენტარის გაკეთება ფილმებზე ან ვიდეოებზე მაგრამ ეს ის შემთხვევაა და ის თემა როცა მინდა ჩემი აზრი ვთქვა… ვიდეოს ყურებისას ამბის განვითარებაზე ფიქრის ნაცვლად ჩემს თავთან გამიჩნდა კითხვა და დავფიქრდი : მე რას ვიზამდი მის ადგილას? და ერთადერთი პასუხი ვიპოვნე – დასაფიქრებლად დროს არც მოვითხოვდი ისე დავთანხმდებოდი არათუ ვერბალური ფუნქციების თვით სიცოცხლის დათმობაზეც კი..
სამწუხაროა როცა სიტყვები ,,მიყვარხარ” , ,,მენატრები” და ა.შ მართლა სიტყვებია და სხვა არაფერი…
ჩვენი სამწუხარო რეალობა რომელსაც დღეს ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით..
ეს ვიდეო ერთ ადამიანს ვაყურებინე რომელიც ,,ძალიან შეყვარებულია” და მისგან მხოლოდ ერთ პასუხს ველოდი ..ჩემდა გასაოცრად მიპასუხა რომ ამ თემაზე არ უფიქრია …
არ ვიცი იქნებ ზედმეტად მეოცნებე ვარ და მეც ამ გოგოს როლში აღმოვჩნდე ერთ დღეს რაც საბედნიეროდ მაეჭვებს :)) მაგრამ მგონია რომ თუ გიყვარს უნდა გიყვარდეს და მხოლოდ სიტყვებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს დამოკიდებულება და გრძნობა ადამიანებს შორის…
გიყვარდეთ არა სიტყვებით არამედ გულით და შეგეძლოთ ყველა სიძნელის გადატანა გისურვებთ მე..
სიყვარულით გეცხოვროთ…
აი იმ სიყვარულით ნამდვილი რომ არის …
P.S მე შენ მიყვარხარ ♥
ვიდეო
—
Posted: აპრილი 10, 2013 in Uncategorized
ტეგები:ნამდვილი სიყვარული, სიყვარულის მსხვერპლი, სიცოცხლე, სიცოცხლე თუ სიყვარული
ფსიქოლოგიური ტესტი
წარმოგიდგენთ ზიგმუნდ ფროიდის მიერ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მოკლე ტესტს, რომელიც თქვენს შინაგან სამყაროზე გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგცემთ. აიღეთ ქაღალდის ფურცელი და კალამი.
მთავარია დაწეროთ პირველი რაც თავში მოგივათ და ნუ იჩქარებთ დანარჩენი კითხვების წაკითხვას, მიყევით თანმიმდევრობით:
1)შენ უყურებ ზღვას. (პირველი შთაბეჭდილება, შეგრძნება, შეგიძლია დახუჭო თვალები).
2)მიდიხარ ტყეში და იყურები ფეხებში. (რას გრძნობ? პასუხზე დახარჯეთ მაქსიმუმ 30-40 წამი).
3)ხედავ მფრინავ თოლიას. (რას განიცდი ამ დროს?)
4)ცხენების რემა. (დაწერე პირველი რაც მოგივა თავში, არ იფიქრო დიდი ხანი).
5)უდაბნოში არის კედელი პატარა ჭუჭრუტანით, რომლის იქეთ ოაზისია. (რას გააკეთებ?).
6)მიდიხარ უდაბნოში დაღლილი, ხედავ წყლით სავსე დოქს. (რას გააკეთებ? ბანალურია, მაგრამ მაინც დაწერე).
7)დაიკარგე ტყეში, საღამოა, დაინახე სახლი, რომლის ფანჯარაში შუქი ანთია. (რის გაკეთებას აპირებ? დაწერე).
8)ნისლში ხარ (აღწერე შენი მოქმედება, ეს ფინიშია).
შესანიშნავია !!! ეხლა ვნახოთ რას ფიქრობდა ყოველივე ამის შესახებ ფროიდი.
შედეგები:
1)შენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, ემოციები, შეგრძნებები.
2)როგორ გრძნობ თავს საკუთარ ოჯახში.
3)შენი დამოკიდებულება ქალების მიმართ.
4)შენი დამოკიდებულება მამაკაცების მიმართ.
5)შენი ძირითადი ცხოვრებისეული სტრატეგია, მიზანი. როგორ უმკლავდები ცხოვრებისეულ პრობლემებს.
6)შენი სექსუალური გამომგონებლობა. პარტნიორის შერჩევა.
7)შენი ქორწინებისადმი მზადყოფნა.
8)შენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.
ბმული
—
Posted: აპრილი 9, 2013 in Uncategorized
ტეგები:გაიგე ვინ ხარ, პიროვნულობის ტესტი, ფროიდის ტესტი, ფსიქოლოგიური ტესტი
არის ისეთი ხალხი ვისთანაც საინტერესოა ჩუმად ყოფნა, თითეულს თავისი სიჩუმე აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა იგრძნობა ერთმანეთის მიმართ კოლოსალური მხარდაჭერა. ხვდები, როდესაც “იავადმყოფე” და გჭირდება სიჩუმე, მაგრამ არა მარტოობა… მიდიხარ ღამე განათებულ ქუჩაზე და საუბრიდან ამინდზე შეუფერხებლივ გადადიხარ სიჩუმეზე, რომელზეც ასე ძალიან, დიდი ხანი ოცნებობდი… და როდესაც გადახარშავ ყველა შენ ფიქრს… სვამ ამ ადამიანთან და ლაპარაკობ, ლაპარაკობ ყველაფერზე! სულში მდგომარეობა მარტივდება, მიუხედავად უძილო ღამისა იგრძნობა, რომ ყველა პრობლემა მოგვარებადია და გასასვლელი ყველა ჩიხიდან ნაპოვნია!
ყველა ჩვენგანს ყავს მეგობრები, ძალიან ახლობლები და ნაკლებად ახლობლებიც. ზოგიც ისეთი, ათასში ერთხელ რომ მოვიკითხავთ და მაინც მეგობრად რომ ვთვლით. მშობლები, და–ძმა, ნათესავები… მაგრამ ყველა ჩვენგანი მაინც მარტოა საკუთარი ცხოვრების გზაზე!
ბმული
—
Posted: აპრილი 4, 2013 in Uncategorized
ტეგები:აუხდენელი ოცნებები, მარტოობა, მეგობრობა, საინტერესო სიჩუმე
სულელი მოკვდავის ოცნება
Posted: აპრილი 4, 2013 in Uncategorizedტეგები:გრძნობები იაფად, კოცნა, რომანტიკოსის ფიქრები, სულელი მოკვდავი, უცხო არსება