Posts Tagged ‘აღარაფერი აღარ იქნება’

Image

ჩემი გზა

აღარასოდეს აღარ შემხვდები,
ჩემი გზა ახლა აღარ არსებობს,
შენ არ მოხვიდე ჩემს სამყოფელთან,
გულზე ყვავილი არ დამასვენო…
ვიცი, მარტო ვარ…
ვიცი, მარტო ვარ
აქაც და იქაც მარტო ვიქნები…
ოო, იმ მიწაზე არ დადნებიან,
არ გაქრებიან თოვლის ფიფქები.
როდემდე უნდა ვიყო მ ა რ თ ა ლ ი
და საკუთარი ფერფლით ვთბებოდე?
დავივიწყებდი, ალბათ, ყველაფერს,
ვინმე გზაზე რომ მეგულებოდეს.
ო, როგორ მტკივა სულიც, სხეულიც
და მენატრება ძველი სიმშვიდე…
ვხეტიალობდე ნაწვიმარ ველზე
და თმას ნოემბრის ქარი მიშლიდეს…
ან მივყვებოდე ნაცნობ ქვაფენილს,
ან სადმე ვინმე მელოდებოდეს,
თუ მეტირება, – არ ვიცინოდე,
სიმწრით კი არა, ლხენით ვმღეროდე…
აღარაფერი აღარ იქნება!…
ის, რაც მინდოდა, აღარ არსებობს!…
შენ არ მოხვიდე…
შ ე ნ არ მოხვიდე, –
გულზე ყვავილი არ დამასვენო…

P.S 

თვალებში მონატრება წრიალებს,
ცხოვრება უშენოდ გასრულდა!
რაც მსურდა, – არასდროს არ მქონდა,
რაც მქონდა, – არასდროს არ მსურდა!