Posts Tagged ‘გული და გონება’

ადამიანი აზროვნებისთვის იბადება და წამიც არ არის, რომ არ იაზროვნოს. მაგრამ წმინდა აზრები, რომლებიც მართლაც ბედნიერებას მიანიჭებდნენ, საკუთარი გონების მხოლოდ ამით დაკავება რომ შეეძლოს, საბოლოო ჯამში, ღლის და ღონეს აცლის ადამიანს. ცხოვრება ერთფეროვანი ეჩვენება და ვერაფრით ეგუება. მას მოძრაობა და მოქმედება სჭირდება, ამიტომ დრო და დრო აუცილებლად აყვება გრძნობებს, რომელთა მაცოცხლებელ სათავეს საკუთარ გულში აღმოაჩენს.
ვნებანი, რომლებიც ყველაზე მეტად ესადაგება ადამიანს და რომლებიც საკუთარ თავში სხვა გრძნობებსაც შეიცავენ, სიყვარული და ამბიციაა. თუმც, უნდა ითქვას, რომ მათ ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. მიუხედავად ამისა, მათ ხშირად აერთიანებენ და შედეგად, ერთიც და მეორეც ერთნაირად სუსტდება, ან სულაც ქრება.
Image
ყოვლისმომცველი გონების ადამიანიც კი მხოლოდ ერთ დიდ გრძნობას განიცდის; ამიტომ, როდესაც სიყვარული და ამბიცია ერთმანეთს ხვდება, ისინი ნახევარი თუ არიან იმისა, რაც ერთმანეთის გარეშე იქნებოდნენ. ასაკი არაფრით განაპირობებს ამ ორი გრძნობის დასაწყისს და დასასრულს. ისინი ჩვენი ბავშვობის წლებში იბადებიან და სამარის კარამდე მიგვყვებიან. ორთავე დიდ გზნებას ითხოვს, ამიტომ ახალგაზრდობის ასაკი მათთვის უფრო შესაფერისია, რადგან წარმავალი დრო არც მათ ინდობს. თუმცა, ეს იშვიათად ხდება.
ადამიანის არსებობა სავალალოდ ხანმოკლეა. ცხოვრების წლების ათვლას იმ დღიდან ვიწყებთ, როდესაც ქვეყანას მოვევლინეთ. ჩემთვის კი ყოვლის საწყისი ჩემი გონების დაბადების წუთია, როდესაც გონება მთელ არსებას შესძრავს და აამოქმედებს. ეს ოცი წლის ასაკში ხდება. იქამდე კი ბავშვად რჩები, ხოლო ბავშვი ჯერ კიდევ არ არის სრული ადამიანი.
ცხოვრება ბედნიერებაა, თუკი სიყვარულით იწყება და ამბიციით მთავრდება. არჩევანის შემთხვევაში, მე უპირატესობას პირველს მივანიჭებდი. სანამ გულში ცეცხლი გიზგიზებს, ადამიანი თავაზიანი და ზრდილია. მაგრამ ცეცხლი ინავლება, ქრება და ამბიციას ვრცელი არე გადაეშლება. მშფოთვარე ცხოვრება ძლიერი, ამაღლებული გონების ადამიანებს იზიდავს, უბირნი კი მასში ვერავითარ სიამოვნებას ვერ ხედავენ და ამიტომაც, მუდამ და ყველგან, მარტივი მანქანებივით მოქმედებენ. ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს სიყვარულით იწყებს და ამბიციით ამთავრებს, იმ უზენაეს ბედნიერებასთანაა წილნაყარი, რომლის მოღწევაც ადამიანურ ბუნებას ხელეწიფება.
რაც უფრო მაღალია გონება, მით უფრო ძლიერია ვნებები, რადგან მოიცავენ რა გრძნობას და აზრს, რომლებიც, თავის მხრივ, გონების კუთვნილებაა, თუმც კი, გარკვეულ წილად, სხეულის მიერ არიან პირობადებულნი, ვნებები თვით არიან გონება და სრულად წარმოაჩენენ მის შესაძლებლობებს. მე ტრფობის ვნებაზე ვლაპარაკობ, რადგან სხვანი ხშირად ერთმანეთში ირევიან და უხერხულ გაუგებრობას ბადებენ. ამიტომ მათში გონების ბეჭედს ნუ ვეძებთ.
სულდიდ ადამიანში ყოველივე დიადია!
ხშირად გვიფიქრია, საჭიროა თუ არა გვიყვარდეს. ეს საკითხავიც არ არის: სიყვარული უნდა შევიგრძნოთ. სიყვარულზე არ კამათობენ, მას მიელტვიან. და თუ ვინმე რჩევას გვაძლევს, ხშირად ცდება კიდეც.
გონების სიწმინდე გრძნობათა სიწმინდის მაცნეა. ამიტომ ძლიერი და სუფთა გონების ადამიანს გზნებით უყვარს და ძალუძს ნათლად განჭვრიტოს სიყვარულის საგანი.
არსებობს ორი სახეობა გონებისა, ერთი გეომეტრიულია, მეორე ფაქიზი და დახვეწილი.
პირველს მძიმე, მოუხეშავი შეხედულებანი ახასიათებს, მეორეს აზრის სიკასკასე და მოქნილობა, რითაც საყვარელი არსების ყოველ ნაწილს ზომავს და აფასებს, თვალებიდან გულის სიღრმემდე ჩადის და ყოველ მოძრაობაში შინაგანი არსების გამოძახილს ამოიცნობს.
Image
როდესაც ორთავე გონებას ფლობ, სიყვარული განუზომელ ტკბობად იქცევა, ერთდროულად ძალაც გეძლევა და მჭერმეტყველებისათვის ესოდენ აუცილებელი გონების სიმარჯვეც.
ჩვენ დაბადებიდანვე დაგვყვება სიყვარულის ნიჭი, რომელიც მით უფრო ვითარდება, რაც მეტ სრულყოფილებას აღწევს გონება. სწორედ ეს ნიჭი გვიბიძგებს შევიყვაროთ ის, რაც მშვენიერი გვეჩვენება, თუმც კი არავის აუხსნის ჩვენთვის, რა არის მშვენიერება. ყოველივე ამის შემდეგ, ვის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ სიყვარულისთვის ვიბადებით? მართლაც, საკუთარ თავს ვერ გავექცევით, უნდა ვაღიაროთ, რომ მუდმივად შეყვარებული ვართ. თვით იმ საგნებში, რომელშიც, ჩვენი აზრით, სიყვარული არ მოიპოვება, ეს გრძნობა ფარულად და იდუმალ არსებობს. ადამიანი წამსაც ვერ ძლებს უსიყვარულოდ და რადგან არ უყვარს საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენა, მაშინ, როდესაც სიყვარული თავისას ითხოვს, იძულებულია სხვაგან, საკუთარი თავის გარეთ ეძებოს ის, ვისაც შეიყვარებს და სიყვარულს მხოლოდ მშვენიერებაში პოულობს და რადგან თვით არის Uუმშვენიერესი, რაც კი ოდესმე ღმერთს შეუქმნია, სწორედ საკუთარ არსებაში აღმოაჩენს ხატებას მშვენიერისა, რომელსაც საკუთარი თავის გარეთ ეძებს. თითოეული ჩვენგანი ამჩნევს, რომ მშვენიერების პირველი სხივი მის სულში გამოანათებს და რადგან იმას, რაც მის გარეთაა ამ გამოსხივებას ადარებს, საკუთარ წარმოდგენას გარეთ მყოფის სილამაზესა თუ სიმახინჯზე ამ შინაგან ნათელთან მისი სიახლოვის ან სიშორის მიხედვით შეიქმნის. თუმც, საკუთარ თავს დაშორებულ ადამიანს სულში სიცარიელე რჩება და მისთვის სულერთი არ არის, თუ ვინ შეავსებს ამ სიცარიელეს. ადამიანს ვრცელი გული აქვს და ამ სივრცის შევსება მხოლოდ იმას ძალუძს, ვინც მას ჰგავს და ვისაც ახლობლად იგულვებს. ამიტომ, მშვენიერი, რომელიც ადამიანს დააკმაყოფილებს, არა მხოლოდ უნდა უხდებოდეს, არამედ უნდა კიდეც ჰგავდეს მას.
სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, პატივისცემას შთაგვაგონებს, – იმას, ვინც გვიყვარს მოწიწებით ვეპყრობით და სწორადაც ვიქცევით: საყვარელ არსებაზე ძვირფასი ამქვეყნად არავინაა.
სიყვარულს სიტყვებზე მეტად დუმილი უხდება. არსებობს დუმილის მეტყველება, რომელიც სიტყვებზე მეტს გვიმხელს. კრძალვით დამორცხვებული შეყვარებული მამაკაცის დუმილი საყვარელი არსებისთვის ფაქიზი სულის და ამაღლებული გონების ნიშანია. დგება წუთი, როდესაც მჭერმეტყველება უნდა დაიოკო. ეს გონების წინასწარ გათვლილი გადაწყვეტილება არ გახლავთ, ამის საჭიროებას აუცილებლობა განაპირობებს.
რაც უფრო გონიერია ადამიანი, მით უფრო მეტ თვითმყობად სილამაზეს ამჩნევს ირგვლივ, მაგრამ თუ შეყვარებულია, მხოლოდ ერთ სილამაზეს ხედავს.
როდესაც გვიყვარს, წარმოვიდგენთ, რომ ისეთი აღარ ვართ, როგორიც ადრე ვიყავით და გვგონია, რომ სხვები ამას ამჩნევენ, მაგრამ ასე სულაც არ არის. გრძნობა გონების თვალთახედვას ზღუდავს, ჩვენ არაფერში არ ვართ დარწმუნებული და ყოველივეს უნდობლად ვეკიდებით.
ცდება ის, ვინც გონებას და გრძნობას აშორიშორებს. მათ დაპირისპირებას ვერავითარ გამართლებას ვერ მოუძებნი, რადგან სიყვარული და გონება ერთი და იგივეა. დიახ, გრძნობა გვიტაცებს და ახალი გზით გვატარებს, მაგრამ ამ გატაცებაში გონება თან გვახლავს და ნუ ვისურვებთ, რომ სხვაგვარად იყოს, რათა არ ვემგვანოთ უსულო მანქანებს. ასე რომ, ნუ გავრიყავთ გონებას, ნუ გავარიდებთ გრძნობას, რამეთუ გონება და გრძნობა განუყოფელნი არიან.Image