ქუჩაში მივდივარ.. გზააბნეულ ნავს ვგავარ ქარიშხლის შემდეგ, ქარი თმებს ნაფლეთებად ქცეული იალქნებივით მიფრიალებს
შენ მშვიდი ხარ, ნავსაყუდელში საიმედოდ დაბმულ ნავს გავხარ, შენი განწყობა დაშვებულ იალქანს გავს, ქარი ვერაფერს გაკლებს..
უკვე დავიღალე ამდენი სიარულით, ძალაც აღარ შემომრჩა, ნავსაყუდელს ვეძებ, ადგილს შენი ნავის გვერდით.
შორს ხმაური ისმის – ვიღაც ბედნიერია. მე გაშეშებული ვზივარ რამდენიმე საათია და უაზროდ ვუყურებ არარსებულ წერტილს სივრცეში
შენ ავადმყოფობაში გადასული სიმშვიდე გიპყრობს და ზუსტად იმ წერტილს უყურებ სივრცეში, რომელიც ორივემ ვიცით რომ არ არსებობს..
მე ქუჩებში დავდივარ, ვუყურებ ასე ნაცნობ ადგილებს და ვგრძნობ რომ შორია…
შენ ფანჯრიდან მთვარეს უყურებ და გახსენდება ყველაფერი
მე არც დამვიწყებია…
შენ დილით ყავას სვამ და სიგარეტს აბოლებ.. ყოველ ,,ნაპაზს” თითო მოგონებას აყოლებ
მე ღია ფანჯარასთან ვზივარ და ქარს შენი სიგარეტის კვამლი მოაქვს
შენ თვალებს ხუჭავ და ცდილობ გამიხსენო
მე მაღალსართულიანი შენობის თავზე ვდგევარ და სივრცეში შენს სახეს – თვალებს ვხედავ
შენ მოულოდნელად დგები, სწრაფად იცმევ , როგორც ადრე როცა ჩემთან მოგეჩქარებოდა
მე ნელ-ნელა გიახლოვდები
შენ ჩქარი ნაბიჯით მიდიხარ ქუჩაში, უამრავი გაკვირვებული თვალია შენსკენ მომართული
მე სულ ახლოს ვხედავ შენს თვალებს
შენ იმ ადგილას მიდიხარ სადაც ადრე ერთად ხშირად დავდიოდით, მერე ცალცალკეც..
მე ერთი ნაბიჯი მრჩება შენამდე
შენ დიდი სისწრაფით ტრიალებ წრეზე
მე მზე მანათებს
შენს თვალებზე ცრემლები ჩნდება
მე წვიმის წვეთები მეცემა
შენი თვალები ახლა ისეთი ლამაზია როგორც არასდროს…
ჩემი ცრემლები გულწრფელია..
შენ იმ ადგილას ჯდები სადაც ადრე ერთად ვიჯექით, მერე მხოლოდ მე…
მე უკვე ახლოს ვარ, ბოლო ნაბიჯიც გადადგმულია…
შენი ცრემლებიც გულწრფელია…
ჩემი მზე… გარდაიცვალა….