Posts Tagged ‘მზის სხივები’

Image

მზის ცრემლები

ვეებერთელა მზე ამოცურდა სევდისფერი სამყაროს ცაზე.. თავისი სხივები უშურველად მიმოაბნია ქალაქებს, ქუჩებს..ყველა სახლში შეანათა და შეაბიჯა ნათელი მზის მხიარულმა სხივებმა.. კმაყოფილმა გადახედა თავისი ნათელით გასხივოსნებულ სამყაროს მზემ და შეწუხდა როცა შეამჩნია სახლი რომელიც სინათლის გარეშე დარჩა… ნელ-ნელა ძირს დაიხარა, ფანჯარას ყვითელი ცხვირი ნელა შეახო, დახლართული სხივები ფრთხილად მოიშორა პატარა თვალებიდან. ფანჯრის მიღმა სიბნელეში ადამიანის სილუეტი ჩანდა , რომელიც საწოლზე იყო დამხობილი და ხმას არ იღებდა, თითქოს არც სუნთქვდა. თავთან იმედი და სევდა ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ. ისე ბნელოდა ერთმანეთის თვალებსაც ვერ ხედავდნენ, მხოლოდ ჩუმი სუნთქვა ახსენებდათ რომ მარტო არ იყვნენ… სევდა ნაცრისფერი იყო, აქა-იქ შავი ლაქები გასჩენოდა, თვალები ტირილისგან დასიებოდა და ვერაფერს ვეღარ ხედავდა, ვეღარც საკუთარ ლაქებს… იმედის ფერადი ტანისამოსი შავით შეცვლილიყო. ის მხოლოდ სევდას ხედავდა, მისი გაყინული ხელი ეჭირა ხელში და ცრემლიანი თვალებით უყურებდა

– არ მინდოდა ისევ მენახე, არ მინდოდა ისევ ერთად მოვსულიყავით. ჩვენი შეხვედრისას ყველა ტირის და სიცოცხლის სურვილს კარგავს..მინდა მალე მორჩეს ჩვენი ერთად არსებობა და ადამიანებს ტკივილს აღარ ვაყენებდეთ. რა საშინელია ჩემი არსებობა : ჯერ სიცოცხლის სურვილს ვუჩენ ყველას, მერე კი ჩემივე შექმნილს ვკლავ. ვინც მე მკარგავს შენ გპოულობს და თავს ვეღარ გვაღწევს. თითქოს ვეღარც მამჩნევენ..მინდა მალე მორჩეს ეს ყველაფერი, მინდა აღარ გათენდეს დღე როცა მზეს სხივი არ ეყოფა ყველასთვის – დაასრულა იმედმა მონოლოგი და სევდას ჩაეხუტა და ორივე ატირდნენ… ერთმანეთის ცრემლები ასველებდათ და ვერაფერს ვეღარ ხედავდნენ, ვერც ერთმანეთს, ვერც საწოლზე მწოლიარე ადამიანს…

მზემ ყველა სხივი აკრიფა და ცრემლები შეიწმინდა. შეებრალა უიმედოდ დარჩენილი ადამიანი..

– რაში მეხმარება ჩემი სინათლე და ძალაუფლება თუ ასეთი ტკივილით ცხოვრობენ ადამიანები? როგორ უნდა გავათბო სამყარო და ვიყო ბედნიერი თუ ასეთი სევდა და უიმედობაა ირგვლივ? მინდა ჩემი გამოჩენა ყველას იმედს უბრუნებდეს, შესაძლებლობებს..მინდა ადამიანები იღიმებოდნენ.. მინდა ყველას ეყოს ჩემი სინათლე… არსებობის მანძილზე პირველად ტიროდა მზე

ჩუმად შეაღო კარი და ყველა სხივი ერთად შეანათა ოთახს, ფრთხილად აიყვანა უიმედო, სევდით მოცული ადამიანი, ყველა სხივი მოახვია, ჩაიხუტა და მასთან ერთად დაბრუნდა ცაში…